„ა“ ლიგა იანვარში იწყება — ცნობილია მონაწილეები, საკვალიფიკაციოს კალენდარი და გადათამაშების სისტემა

საკალათბურთო „ა“ ლიგის ახალი გათამაშება იანვარში დაიწყება. ამ ეტაპზე ცნობილია მისი ოთხი მონაწილე: „დელტა გურჯაანი“, „გრიფინი კასპი“, „დინავია“ და „ოლ ინი“. დარჩენილი ორი საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება, საიდანაც ლიგაში საუკეთესო ორი გუნდი მოხვდება.

საკვალიფიკაციო ტურნირში ხუთი გუნდი ჩაერთვება — „ოლდ სქული“, „წყალტუბო“, „პირატები“, „ჯვაროსნები“ და „ვინგსი“. აქვე აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტება, რათა გულშემატკივარი შეცდომაში არ შევიდეს: „ვინგსი“ „ა“ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობდა და პლეი-ოფში გასვლით ადგილიც შეინარჩუნა, თუმცა შემდეგ ეს ადგილი კომერციული გარიგების საფუძველზე „ოლ ინს“ დაუთმო და ახლა ლიგაში დაბრუნებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან ეცდება.

გათამაშების სისტემა ასეთია: ხუთივე გუნდი ერთ ჯგუფში ითამაშებს, საიდანაც პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ფინალში გავლენ. საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალი ერთმატჩიანია და მისი გამარჯვებული „ა“ ლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს. ფინალში დამარცხებულ გუნდს კი ბოლო საგზურის მოსაპოვებლად დამატებითი საკვალიფიკაციო რაუნდი ელის რუსთავის „თაიმსთან“ — გასულ სეზონში მეხუთე ადგილზე გასულ „თელავის ბურჯთან“, რომელიც რუსთავში გადაბარგდა და სახელი შეიცვალა. რუსთავის „თაიმსს“ საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში არ უწევს, ის პირდაპირ ელოდება ფინალში წაგებულ გუნდს და მასთან „ა“ ლიგის უკანასკნელი საგზურის ბედს ორმატჩიან სერიაში გაარკვევს.

წყარო: gbf.ge