მეორე გამარჯვება მადრიდში – საქართველომ ისრაელს 7 შაიბა გაუტანა
მადრიდში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში II დივიზიონის A ჯგუფში, სადაც წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. ისლანდიის 4:1 დამარცხების შემდეგ, საქართველომ ისრაელს 7:3 მოუგო. 19 აპრილს გოჩა ჯეირანაშვილის გუნდს დაპირისპირება მასპინძელ ესპანეთთან ელის.
თავიდან ისრაელის ნაკრებმა მიაღწია წარმატებას, პირველ პერიოდში იან რასკინისა და ავივ მილნერის გოლებით მეტოქე 2:0 დაწინაურდა, პერიოდის ბოლოს ოლივერ ობოლგოგიანმა ერთი შაიბა გაქვითა.
მეორე მესამედში ბორის კოჩკინმა გაათანაბრა, თუმცა ისრაელი კვლავ წინ გავიდა შაიბა ილია სპექტორმა გაიტანა. ამის შემდეგ წარმატებას მადრიდის ყინულზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები აღწევდა. მეორე პერიოდში არტიომ კურბატოვმა გაათანაბრა, ხოლო ივან კარელინმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
ბოლო პერიოდის დასაწყისში კარელინმა დუბლი შეასრულა, ორი შაიბა კი ისრაელის კარში მატჩის მიწურულს მაშინ გავიდა, როცა მეკარის ნაცვლად შემტევი იყო შესული – ჯერ კარელინმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ბოლოს კი ნიკიტა ბუკიამაც გაიტანა. საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, ივან კარელინი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან ზუსტად ამ ანგარიშით წააგო, ახლა კი სრულფასოვანი რევანში შედგა.
ორი მატჩის მერე 6-6 ქულით საქართველო და ხორვატია ლიდერობენ. დღეს ჯგუფის პირველ მატჩში ხორვატიამ ისლანდიას 6:2 მოუგო, ახლა კი ესპანეთისა და ავსტრალიის დაპირისპირება იწყება. ჯგუფის გამარჯვებული გაისადა I დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებს.