საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მოზრდილი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული გამარჯვება მოიპოვა და ეს ისე მოახერხა, რომ გამარჯვების იმედი ფაქტობრივად გადაწურული ჰქონდა. ყველაფერს თავი დავანებოთ და ფაქტი აღვნიშნოთ — ოვერტაიმის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა მასპინძელი საბერძნეთი 88:81 იგებდა და დარბაზში შეკრებილ დაახლოებით 10 000 ბერძენს გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარებოდა. 300-ამდე ქართველი ქომაგის გუნდმა გადაძალა — საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი 50 წამი მასპინძლებს 11:0 აჯობა და საბერძნეთთან პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო — 92:88 (სტატისტიკა).

სხვა საქმეა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი ბერძნებისთვის. ვასილის სპანულისის გაწვრთნილ გუნდს 4 მოგება და 4 წაგება ჰქონდა, ჩვენს ნაკრებს ქულით ჩამორჩებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. ამიტომაც იყო, ბერძნებმა ყველა იმ მოთამაშეს უხმეს, რომელიც ევროპაში თამაშობდა — მათ მხოლოდ NBA-ს სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო და ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ნახევრადქართველი ალექსანდროს სამოდუროვი მოისაკლისეს. არანაკლები დანაკლისი ჩვენს ნაკრებსაც ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის სახით, თუმცა როცა ევროპულ შესარჩევ მატჩებზეა საუბარი, მასში ოკეანგაღმელი ლეგიონერები ოფიციალურად არ მონაწილეობენ.

საქართველოს ოვერტაიმზე მეტად მოსაგები ძირითად დროში ჰქონდა, როცა დასრულებამდე 21 წამით ადრე 2 ქულას იგებდა და ბურთს ფლობდა. პირითი ხაზიდან შემოტანისას ბურთი დავკარგეთ და ბერძნების ამერიკელმა ლეგიონერმა ტაილერ დორსიმ 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე ბერძნებმა ჩამორჩენა 73:74 შეამცირეს. დორსის აცილებული საჯარიმო გიორგი კორსანტიამ მოხსნა, რომელმაც 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და საქართველო 75:73 დაწინაურდა.

ბერძნებს გადამწყვეტი შეტევა აერიათ — საჯარიმოში შეჭრილ ვასილის ტოლიოპულოსს თორნიკე შენგელიამ დააფარა, თუმცა ბურთი კვლავ მსროლელს დარჩა, პერიმეტრზე კოსტას პაპანიკოლაუს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დორსის გადააწოდა და ამ უკანასკნელის სამქულიანს რატი ანდრონიკაშვილი გადაეღობა. მსაჯებმა ძალიან საეჭვო ჯარიმა დააფიქსირეს, რადგან რატი წესების მაქსიმალური დაცვით ზღუდავდა ბერძნების ნატურალიზებულ კალათბურთელს. ტაილერმა პირველი საჯარიმო ააცილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველო ძირითად დროში თამაშს ფაქტობრივად აღარ წააგებდა. დორსიმ ორივე საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. 1.2 წამში დუდა სანაძემ ხელსაყრელად ვერ ესროლა სამიანი და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

აქ კი ნამდვილი დრამა, თუ გნებავთ, სენსაცია გათამაშდა. თანაბარი 2 წუთის შემდეგ ბერძნებმა ელვისებური შეტევებით ზედიზედ 3 სროლა ჩააგდეს და ოვერტაიმის ბოლო წუთზე 7 ქულით დაწინაურდნენ. დუდა სანაძის დიდოსტატური გარღვევის შემდეგ თორნიკე შენგელიამ მჭიდრო პრესინგით 8 წამის წესი დაარღვევინა ბერძნებს და შეტევა ჩვენებს გადაეცათ. ფარისკენ დაძრულმა შენგელიამ ნახევარი საბერძნეთი მიიწეპა და ბურთი პერიმეტრზე ეულად დარჩენილ გიორგი კორსანტიას გადააწოდა, რომელმაც დასრულებამდე 28 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა — 86:88.

ბერძნებმა სწრაფად შეუტიეს და ტოლიოპულოსმა გარღვევა გააცუდა, დამატებაზე კი პაპანიკოლაუც უშედეგო იყო. სწრაფ შეტევაში დაძრული ჩვენი ნატურალიზებული ამერიკელი ჯარიმით შეაჩერეს და აქ დატრიალდა, თუ დატრიალდა… რიდმა პირველი საჯარიმო ააცილა, მეორე ჩააგდო და როცა ყველაფერი ბერძნებისთვის მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო, იანისის უმცროსმა ძმამ, კოსტას ანტეტოკუნმპომ, ჩვენს კაპიტანს საჯარიმოს ხაზთან იდაყვი სახეში მოარტყა. რიდის საჯარიმო ჩაითვალა, ხოლო ბერძენი არასპორტული ჯარიმით დაისაჯა. შენგელიამ ორივე საჯარიმო ჩააგდო და საქართველო ქულით — 89:88 დააწინაურა. ბურთი ჩვენ დაგვრჩა და მასპინძლები რიდზე მყისიერად დაჯარიმდნენ. რიდმა ისევ 1 საჯარიმო ჩააგდო (90:88 დავწინაურდით), თუმცა წამებში ბერძნებს განაჩენი გამოუტანა, როცა ფარქვეშიდან შემოტანილი ბურთი ჩაუჭრა და თორნიკე შენგელიას გადააწოდა. თორნიკეზე ტაქტიკური ჯარიმა გამოიყენეს და კაპიტანმა უშეცდომო ტყორცნების შემდეგ საქართველოს გამარჯვება გაუნაღდა — 92:88 და 7 წამი დასრულებამდე.

შენგელიამ ოვერტაიმიან მატჩში მხოლოდ 72 წამი დაისვენა, ისიც იძულებით, სათამაშო ეპიზოდში მიღებული დარტყმის გამო. შენგელიამ წინა დღეს დუბაიში ევროლიგის მატჩი ითამაშა და იმ შეხვედრიდან არასრულ 24 საათში ბერძნებს კოშმარად მოევლინა — 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება, ჩაჭრა. შენგელიამ ათენში ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტში შეიტყო ბებიის გარდაცვალების ამბავი და ფიზიკურს რომ დავანებოთ, უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა. შენგელია საბერძნეთი-საქართველოს უპრინციპულესი მატჩის საუკეთესო მოთამაშე და გმირი გახდა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვნად გაიმყარა ცხრილში მესამე ადგილი და 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას მასპინძლობს, რომელმაც მიმდინარე საკვალიფიკაციოში ჩვენს ორჯერ მძლეველ უკრაინას მოუგო. სამაგიეროდ, გაიმარჯვა ესპანეთმაც, რომელიც 29-ში საბერძნეთს მასპინძლობს. ამ 2 მატჩში საჩვენო შედეგების (საქართველოსა და ესპანეთის მოგება) დაფიქსირების შემთხვევაში, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველო 2 ტურით ადრე პრაქტიკულად ინაღდებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

საქართველოს ნაკრები 27 ნოემბერს, ათენის დროით 12:00 საათზე, ჩარტერული რეისით გამოფრინდება საქართველოში და თბილისის აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვება. პორტუგალიასთან დიდი წონის მქონე მატჩი 29 ნოემბერს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, 19:15 საათზე გაიმართება.




წყარო: gbf.ge