ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა 25-23 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ ჩვენი ბიჭები ისევ ინარჩუნებენ ჯგუფის მოგების შანსს.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კოსოვოსთან უდრამატულესი მატჩი გამოდგა ქართველმა ჭაბუკებმა ძალები მოიკრიბეს და მოლდოვა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 14-11 მოიგეს. მეორის დასაწყისში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და წინაც გავიდა, მაგრამ დაბოლოება ჩვენი იყო. ჯერ ჯემალ იმნაძემ სწრაფ გარღვევაში ორი გოლი გაიტანა, ხოლო როდესაც მოლდოვა პრესინგზე გადავიდა, ერეკლე არსენაშვილმა ორჯერ გამოიჩინა თავი. მოლდოვამ ბოლო წამზე გაგვიტანა და თამაში 25-23 მორჩა.
ქართველი ახალგაზრდები ხვალ ირნალნდიას დაუპირისპირდებიან. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია კოსოვო-მოლდოვას მატჩის შედეგი. მოგებისა და ფრის შემთხვევაში კოსოვო პირველ ადგილზე გავა, მაგრამ თუ დამარცხდა, მაშინ სამი გუნდი (საქართველო, კოსოვო, მოლდოვა) 8-8 ქულას დააგროვებს და დაითვლება ბურთების სხვაობა მათ ურთიერთშეხვედრებში. საქართველოს +1 აქვს (კოსოვოსთან 21-22 და მოლდოვასთან 25-23), კოსოვოს +1 (საქართველოსთან 22-21), მოლდოვას -2 (საქართველოსთან 23-25). მოლდოველებსაც აქვთ პირველობის შანსი, მაგრამ თუ 1 ან 2 ბურთით მოიგებენ, პირველ ადგილზე ჩვენი ნაკრები გავა; თუ მოლდოვამ 3 ბურთით დაამარცხა კოსოვო, მაშინ პირველობისთვის 22 ბურთზე მეტი უნდა გაიტანოს და მხოლოდ 4 ბურთით მოგების შემთხვევაში იქნება უპირობო პირველ ადგილზე.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭიროა მსოფლიო თასის ევროპული ზონისა და შემდეგ ინტერკონტინენტალური ფინალის მოგება. 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის ივლისში ესპანეთში გაიმართება.
ხელბურთი. IHF მსოფლიო თასი (ევროპის ზონა). 23-28 ოქტ, 2018 ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები. წრიული ტურნირი
27 ოქტ. საქართველო-მოლდოვა 25-23
საქ: სილაგაძე, ხანდოლიშვილი – კბილაშვილი 6, ყორიაული 4, არსენაშვილი 4, მერკვილაძე 3, ზარნაძე 3, იმნაძე 2, ძნელაძე 1, გავაშელიშვილი 1, გველესიანი 1, კუხალაშვილი, ნიაზაშვილი, იობაშვილი
მლდ: სლაგოდა, ვასილევი – დოდიკა 7, ივანჩენკო 6, გრუმეზა 4, მარტევი 3, ბურბულეა 2, შელემეტი 1, ლედენიოვი, ნიჩიპურენკო, სავჩენკო, მაჰოვიჩი, ლევიცკი, ბოგაჩიჩი – მწვ. გომენიუკი, კოვალჩუკი
მსაჯები: ი. მეტალარი – ნ. ნიკოლოვსკი (მკდ), დელეგატი: ა. ბირხი (დან)
ირლანდია-ბრიტანეთი 21-26, მალტა-კოსოვო 17-47
28 ოქტომბერი
13:00 საქართველო-ირლანდია
15:00 მალტა-ბრიტანეთი
17:00 კოსოვო-მოლდოვა