ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა თბილისში, განახლებულ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს – 2:0 მოუგო.
შეხვედრაში პირველი გოლი მე-3 წუთზე, 21-წლამდე ნაკრების დებიუტანტმა – გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელმაც გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. სხვაობა ორამდე, წიტაიშვილის მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, 51-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა გაზარდა, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრების მაისურით მეორე გოლის გატანა შეძლო.
გიორგი წიტაიშვილის გარდა, 21-წლამდე ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა ნოდარ ყალიჩავას, რომელმაც ლუკა კუტალაძე 84-ე წუთზე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.