ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა და  ფინეთის ახალგაზრდული ნაკრები, სტუმრად, ქალაქ სეინაიოკში ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

თამაში ქართველებისთვის არცთუ ისე კარგად დაიწყო. შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე მასპინძლებმა ჩვენი გუნდის კარს აქტიურად შეუტიეს და მატჩის მე-19 წუთზე ლაპალაინენმა ფინეთის ახალგაზრდული ნაკრები დააწინაურა. პირველ ნახევრაშ მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმიც პირველის მსაგვასად ქართველებმა ინერტულად დაიწყეს. შეხვედრის 61-ე წუთზე ფინეთის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლებაც მოიპოვეს თუმცა, ლუკა გუგეშაშვილმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და მასპინძელთა თავდამსხმელს საკუ ლიატუპას არ გაატანინა. მოგერიებული პენალტის შემდეგ გია ცეცაძის შეგირდები გააქტიურდნენ. 75-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. ბექა მიქელთაძემ  თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა  და  ანგარიშიც გაათანაბრა.

თითქოს ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, შეხვედრის 87-ე წუთზე მინდორზე საჩხერის “ჩიხურას” ახალგაზრდა შემტევი,  ირაკლი ბუღრიძე შემოვიდა და დაახლოებით ოც წამში გოლიც გაიტანა და ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ანგარიშით 2-1 მოაგებინა.

გია ცეცაძის გუნდს ამ წუთისთვის 12 ქულა აქვს და  ამ მოგებით ქართველმა 21-წლამდელებმა ჯგუფში მესამე ადგილიც გაინაღდეს.