ვლადიმერ ვაისი: ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში წარმატებით ვიასპარეზოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენციზე ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა.
“არაფერია დასრულებული, ამიტომ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში წარმატებით ვიასპარეზოთ. ჯგუფიდან გასვლის მათემატიკური შანსი ლატვიას, ყაზახეთს და ანდორასაც აქვს. რა თქმა უნდა, ცუდი შედეგის მისაღებად არ ჩამოვსულვართ. მოხარული ვარ, რომ დაცვის ხაზი და მეკარე ბოლო შეხვედრებში სტაბილურად ასპარეზობს. ლატვიამ გასულ თამაშებში რა ხარისხიც აჩვენა, არ შეესაბამება იმ ქულების რაოდენობას, რომელიც ახლა მათ აქვთ. ლატვია სახიფათოა სტანდარტულებში და ვეცდებით, მათი ეს დადებითი მხარეები გავანეიტრალოთ. ვფიქრობ, ლატვია, ისევე, როგორც საქართველო მოგებისთვის ითამაშებს. ამიტომ, გახსნილი შეხვედრა იქნება. 3 მეკარის გარდა, საქართველოს მოედნის 20 მოთამაშე ჰყავს და ცვლილებებიც აუცილებლად იქნება, თუმცა ბევრი არა. რაც შეეხება ზარანდიას, იგი დებიუტანტია, ბევრი ექსპერიმენტის დრო არაა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წავა შეხვედრა ხვალ”.
საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 16 ოქტომებრს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.