ივერიონი v ორბი | “ა” ლიგის ფინალში სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ
“ა” ლიგის ფინალისტები ერთი საათის ინტერვალით გაირკვნენ. ჯერ იყო და გორის “ივერიონმა” 79:67 (სტატისტიკა) დაამარცხა გთუნი და ფინალს უწია, შემდეგ კი, დაახლოებით ერთ საათში, ტყიბულის “ორბმა” თბილისშიც სძლია “ასტრალს” და შიდა ქართლის გუნდს ფინალში შეუწყვილდა. ასე და ამგვარად, სუპერლიგის საგზურისთვის რეგიონის გუნდები იბრძოლებენ – უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ “ვერას” ან ტყიბულის, ანაც გორის გუნდი ჩაანაცვლებს.
გორელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. სერია 2 მოგებამდე იყო და ივერიონმა გასულ კვირაში გთუნის თბილისში დამარცხებით მოედნისა და ზოგადი უპირატესობა მოიპოვა. დღეს, გორში გამართულ მატჩში მასპინძლებს მხოლოდ პირველი და მეორე პერიოდების მიჯნაზე გაუჭირდათ, როცა გთუნიმ მებრძოლი ხასიათისა და რამდენიმე შედეგიანი უპირატესობის ხარჯზე ივერიონს ჩამორჩენა გაუბათილა და 4 ქულით დაწინაურდა.
დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ შიდაქართლელებს თამაშის დასალაგებლად დიდი დრო არ დასჭირდათ. ჯერმეინ ჰედმა ბურთის გათამაშებაც საკუთარ თავზე აიღო და შეტევების განხორციელებაც. მას უმეტესწილად საჯარიმოებით აჩერებდნენ და ჰედმაც 14 ცდიდან 12 ბონუს-ქულა ჩააგდო. საწყისი პერიოდის 1 ქულით წაგების შემდეგ გორელებმა მეორე ათწუთეული 22:13 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 8 ქულით იგებდნენ.
გორელებმა წარმატებით განაგრძეს მესამე პერიოდშიც თამაში და მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. გთუნი ბევრს ეცადა, თამაშის შეებრუნებინა, მაგრამ დავით ნოზაძის წუთშესვენებები და სხვა ნაირგვარი ტაქტიკური ცვლილებები ამაო გამოდგა. გორელებს დიდ მუხტს აძლევდათ მაყურებლებით სავსე დარბაზი. ივერიონის საქომაგოდ მრავალი ახალგაზრდა მოვიდა, რომელთა ნაწილიც კალათბურთელებს ტრანსპარანტებით ამხნევებდნენ.
ბოლო პეიოდის ახალდაწყებულზე მასპინძლების უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ყველაფერი დასრულდა, გარდა დროისა. გორელთა გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა და მასპინძლებმა თამაში მშვიდად მიიყვანეს სასურველ შედეგამდე. გამარჯვებულთაგან 27 ქულით, 8 ჩაჭრით, 6 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 10 ქულა და 13 მოხსნა ლუკა გიორგაძემ მოაგროვა. 10 ქულა და 6 პასი აიზია ლუისის ანგარიშზე დაგროვდა. გთუნიში 16-16 ქულით ლევან რევაზაშვილი და ჯამანი პირსი გამოირჩნენ.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, თბილისში დიდი ბრძოლა გაიმართა. შეხვედრა ხან ორბს მიჰყავდა, ხანაც ასტრალს, თუმცა ბოლო წუთზე ანგარიში გათანაბრდებოდა, ასტრალის წევრს, მელვინ ნიუბერნს რომ მეორე საჯარიმოც ჩაეგდო. ორბის პასუხი ზუსტი ორქულიანი იყო და როცა ასტრალმა მორიგი შეტევაც გააფუჭა, ტყიბულის გუნდმა ფინალის საგზური გაინაღდა – 88:82 (სტატისტიკა).
ასე და ამგვარად, ფინალურ სერიაში, რომელიც 3 გამარჯვებამდე იქნება, გორის ივერიონი და ტყიბულის ორბი შეხვდებიან. მატჩები თბილისში არ გაიმართება, ორივე გუნდი საშინაო თამაშებს თავიანთ ქალაქებში უმასპინძლებენ. ფინალური სერია სტარტს 4 აპრილიდან აიღებს