ლოკომოტივის წარუმატებელი სტარტი “კონტინენტის ფარზე”
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ „კონტინენტის ფარის“ პირველი მატჩი იტალიურ ‘კალვიზანოსთან’ 6:17 დათმო. საქართველოს ჩემპიონს უამრავი წუნი ჰქონდა, მეტოქის 22-ში საკუთარი დერეფანი სამჯერ დათმო, სამი მორაგბე 10-10 წუთით დაკარგა და ლელოს გატანის შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.
„ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრას 2 ათასამდე მაყურებელი დაესწრო და ბექა წიკლაურმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. სტუმრებმა მე-15 წუთზე შერკინებაში მოიპოვეს ჯარიმა და ავსტრალიელმა მგეზავმა სემ ლეინმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო კიდევ 5 წუთში იოანე ხელაია სინბინით დაისაჯა და ლეინმა ‘კალვიზანო’ დააწინაურა.
კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ 25-ე წუთზე ჯარიმა გამოიმუშავა და წიკლაურმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. ლელოს გატანის კარგი შანსი 34-ე წუთზე იყო, თუმცა მეტოქემ მოლის დაძვრის საშუალება არ მოგვცა, წითელ ზოლში თავი კარგად დაიცვა და ამ ეპიზოდს 10-წუთიანი გაძევებით გიორგი ბეგაძე შეეწირა. შესვენებამდე იტალიელებმა სამჯერ გაჭრეს ხაზი და პირველ ორ ჯერზე ლელოს გადავურჩით, თუმცა გაწითლებულ დროზე ‘კალვიზანომ’ მეტობა მაინც გამოიყენა და მარკო სუზიომ შეხვედრის ერთადერთი ლელო მიითვალა – 6:11.
წიკლაურს მეორე ტაიმის დასაწყისში ჩამორჩენის შემცირების შანსი ჰქონდა, მაგრამ 40 მეტრიდან ჯარიმა ააცილა. მალე მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ფარნავაზ გასვიანი და სამუელა ვუნისა გაასინბინა. ლეინმა 49-ე და 57-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა და იტალიის ვიცე-ჩემპიონი 17:6 დაწინაურდა. დასკვნით 20 წუთში ‘ლოკომოტივმა’ ლელოზე ითამაშა, მაგრამ მეტოქის 22-ში ორჯერ საკუთარი დერეფანი დათმო, მესამე ჯერზე კი მიზნამდე ცოტა დააკლდა და სტუმრებმა კარგი დაცვით იერიში მოიგერიეს. უკვე გაწითლებულ დროზე გიორგი გეგიამ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელოშიც შევიდა, მაგრამ რეფერიმ დამიწება ვერ დაინახა, ეპიზოდი არ გადაამოწმა და მატჩი დაასრულა.
13 ოქტომბერი. თბილისი. ავჭალა. 2 000 მაყურებელი
კონტინენტის ფარი. პირველი რაუნდი
ლოკომოტივი – კალვიზანო 6:17 (6:11)
ლოკომოტივი: 15. ბექა წიკლაური, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 11. ივანე ხელაია, 10. გიორგი აფციაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ, ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. თორნიკე ტურაშვილი, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გაგა გორგასლიძე, 18. გიორგი არაბული, 19. გიორგი გეგია, 20. ზვიად მაისურაძე, 21. გაგა არაბული, 22. ლაშა გედეხაური, 23. გიორგი ტალახაძე.
წყარო: http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6904&callerModID=17364