ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

სუპერლიგის მორიგი მატჩი ტყიბულში გაიმართა, სადაც „ორბმა“ „ახალციხეს“ უმასპინძლა. ორივე გუნდს აქამდე 3-დან 3 გამარჯვება ჰქონდა და ძალზე საინტერესო იყო, ვისი წარმატებული სერია დასრულდებოდა.
შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა — მეოთხე პერიოდში ახალციხელები 10 ქულით იყვნენ წინ, ხოლო დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე სამ ქულას იგებდნენ, მაგრამ როგორც გასულ მატჩებში, „ორბმა“ ამჯერადაც გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა ხასიათი და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 85:82.
 
ვინმეს გამოყოფა რთულია, რადგან „ორბი“ ყოველთვის გუნდური სულისკვეთებით იბრძვის, ხოლო ის ჩაგდებული ბურთები, რომლებიც თამაშის ბედს წყვეტენ, საერთო საქმის ლოგიკური შედეგია. და მაინც, გადამწყვეტი ბურთები ნიკოლოზ თოთლაძემ და ჯიმი ბელმა ჩააგდეს. ბელი, რომელიც ბოლო მატჩებია შეუჩერებელია, ამჯერადაც საუკეთესო იყო გამარჯვებულთაგან — მის ანგარიშზე 20 მოხსნა და 16 ქულა დაგროვდა.
 
მატჩის მსვლელობა პერიოდების მიხედვით საკმაოდ დრამატული იყო. შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო და პირველი პერიოდი „ახალციხემ“ 23:19 მოიგო. მეორე პერიოდში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს (22:19), თუმცა დიდ შესვენებაზე სტუმრები მცირე უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში ახალციხელებმა სრული დომინაცია აჩვენეს (27:17) და დიდი სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა დასკვნით, მეოთხე პერიოდში „ორბმა“ წარმოუდგენელი ქამბექი შემოგვთავაზა, პერიოდი 29:13 მოიგო და მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა.
 
გამარჯვებული „ორბის“ რიგებში კევინ ვესტმა 17 ქულა დააგროვა, ჯიმი ბელმა 16 ქულასთან ერთად ზემოხსენებული 20 მოხსნა მიითვალა, ხოლო ნიკოლოზ თოთლაძემ გუნდს 15 ქულა შესძინა; რაც შეეხება „ახალციხეს“, ხალიდ გეთისმა 20 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში, ჯამირ პარისის ანგარიშზე 15 ქულა და 6 მოხსნა იყო, ხოლო ლაშა მიქელაძემ 12 ქულა დააგროვა.
 
სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის „ორბი“ 6 ჩატარებული მატჩიდან 5 მოგებითა და 1 მარცხით (11 ქულა) საპატიო მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო „ახალციხეს“ 6 შეხვედრაში 3 გამარჯვება და 3 მარცხი (9 ქულა) აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. სუპერლიგის მე-7 ტური ხვალ, ზესტაფონში დასრულდება, სადაც „მარგვეთი“ „ბლექ ფორტრესს“ უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge