საქართველო – უნგრეთი | ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა

საქართველო ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. 

თამაშამდე ერთი დღით ადრე რამაზ სვანაძის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე 26 ფეხბურთელით ივარაჯიშა. ვირუსის გამო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო ალთუნაშვილს, რომელიც უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. 

მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენციის ფარგლების მედიის კითხვებს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა. 

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ნებისმიერი დადებითი შედეგი და განსაკუთრებით გამარჯვება ყოველთვის აადვილებს იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ. მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი თამაში კიდევ უფრო დაიხვეწება, თუმცა ამისთვის ფსიქოლოგიური ფაქტორები აუცილებელია, რასაც ყველაზე მეტად სწორედ გამარჯვება აყალიბებს. ხვალინდელ შეხვედრაში მაქსიმუმს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად.

გვქონდა მცირე პრობლემები, რამდენიმე ფეხბურთელს გარკვეული დღეები გაუცდა, თუმცა გუშინდელი ვარჯიშიდან მოყოლებული, ალთუნაშვილის გამოკლებით, ყველა მოთამაშე მზად არის. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, გვყავს ძალიან კარგი შემტევები და გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება.

რაც შეეხება ბოლო მატჩებს, არ ვთვლი, რომ წარუმატებლობა მხოლოდ ერთი კონკრეტული მხარის ბრალი იყო ან ვინმე რამეს აკლებდა. ფეხბურთში აღმართს დაღმართი ხშირად მოსდევს. რთულ გზას გავდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი შემართებითა და საუბრებით, იქნება ეს მენტალური თუ ტაქტიკური კუთხით, სიტუაციას ძალიან მალე დავალაგებთ. ამ პროცესს ხვალინდელი თამაშიდანვე დავიწყებთ და მთელი გუნდი სწორედ ასეა განწყობილი.“

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სრულად ვენდობით ახალ მთავარ მწვრთნელსა და მის სამწვრთნელო შტაბს, მათ ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. ვფიქრობ, როგორც ტაქტიკურმა, ისე მოსამზადებელმა ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა. ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში ყველა დავალება ერთიანი ძალებით შევასრულოთ, ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და მივაღწიოთ წარმატებას.

ვეთანხმები მთავარ მწვრთნელს – მარტივ გზას ნამდვილად არ გავდივართ. ფეხბურთში ჩავარდნა ყველას აქვს, მაგრამ ამას ყოველთვის მოსდევს აღმასვლა. დიდი იმედი მაქვს, ეს აღმასვლა სწორედ ხვალინდელი მატჩიდან დაიწყება. უნდა დავამტკიცოთ, რომ ის თამაში, რაც ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, არსად გამქრალა და კვლავ შეგვიძლია ამ გზაზე სვლის გაგრძელება.“

საქართველო – უნგრეთის შეხვედრა, 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)

დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)

წყარო: nakrebi.ge