სენსაციების დღე საქართველოს თასზე
დღეს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩები. თასის გათამაშებას ერთბაშად ეროვნული ლიგის 3 გუნდი გამოეთიშა.
ლანჩხუთში “სამტრედია” ადგილობრივ “გურიასთან” დამარცხდა, ანგარიშით 3-1. არადა მატჩი სტუმრებისთვის კარგად დაიწყო. შეხვედრის მე-12 წუთზე გიორგი ერისთავმა შორეული გასროლით დააწინაურა იმერული კლუბი, თუმცა გოლიდან 2 წუთში შეძლეს მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობას ლანჩხუთელი ფეხბურთელები დაეუფლნენ. შეხვედრის 44-ე წუთზე სამტრედიელთა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი კარლო ჯიქიძემ ზუსტად შესრულა და ამ გოლით დუბლი გაიფორმა.
მატჩის მეორე ტაიმი სამტრედიელთა აქტიურობით დაიწყო და 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსიც მიეცათ, თუმცა გიორგი ერისთავის შესრულებული პენალტი არაზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილი დროის განმავლობაში ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. თუმცა, გოლის გატანა მხოლოდ ლანჩხუთელებმა შეძლეს. შეხვედრის 92-ე წუთზე გიორგი გელაშვილმა მესამე გოლი გაუტანა სამტრედიას და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-1, “გურიის” სასარგებლოდ დააფიქსირა.
თასის გათამაშებას გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, საჩხერის “ჩიხურა”. იმერლები ლიგა 2-ს ბინადარ “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო 1-1 დამთავრდა, დამატებით ტაიმებში კი მეტი გოლი არ გასულა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. საჩხერლებმა პირველი სამი პენალტიდან ვერცერთის გატანა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ “ვიტ ჯორჯიელთა” ყველა დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და ამ უკანასკნელებმა სერიაში 3-0 იმარჯვეს.
კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა თელავში. ადგილობრივმა “თელავმა” გორის “დილას” უმაპსინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი გოლი შეხვედრის 83-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.
გათამაშების ფავორიტმა თბილისის “დინამომ” მარტვილის მერანი დაამარცხა ანგარიშით 2-1.
რაც შეეხება სხვა მატჩებს, დღეს ქუთაისის “ტორპედო” “რუსთავს” დაუპირისპირდება, დანარჩენი შეხვედრები კი ხვალაა დაგეგმილი.