ტიტებმა სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის საკვალიფიკაიო ეტაპი დაიწყო, რომელმაც სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის ბოლო, მე-11 მონაწილე უნდა გამოავლინოს. მოგეხსენებათ, დებულების თანახმად რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპს თამაშობს, სადაც მისი მეტოქე “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული გუნდია.
2022-2023 სეზონის საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე ტიტები გავიდა, ხოლო “ა” ლიგის ფინალური სერია გორის “ივერიონმა” “ორბთან” დათმო. შესაბამისად, სუპერლიგაში გადასასვლელ თამაშებში სწორედ გორის ივერიონი და თბილისის ტიტები დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსად საპლეიოფო თამაშებისა, საკვალიფიკაციო სერიაც 3 მოგებამდეა და მასში გამარჯვებული სუპერლიგის მე-11 გუნდი გახდება!
ოლიმპიურ სასახლეში გამართული დღევანდელი თამაში ტიტების გამარჯვებით, ანგარიშით 109:97 (სტატისტიკა) დასრულდა. ოთხივე მეოთხედის განმავლობაში ანგარიშში სხვაობა საკმაოდ მცირე იყო, გორის გუნდმა თამაშის გარდატეხა არაერთხელ სცადა, თუმცა მეტოქემ დაწინაურების საშუალება არ მისცა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
სერიის შემდეგი თამაში, ხვალ, 23 აპრილს, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო მე-3 მატჩს უკვე გორი უმასპინძლებს.