გიორგი შერმადინის ბრწყინვალე მატჩი “ევროქაფზე”
“ევროქაფის” მესამე ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. ესპანელები მონტენეგროს ეწვივნენ და ადგილობრივ “მორნარ ბარს” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “უნიკახას” სრული უპირატესობით წარიმართა და სტუმართა სასარგებლოდ 96-85 დასრულდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი პირველივე წუთებიდანვე გამორჩეული იყო. ჯამში შერმადინმა პარკეტზე 21:20 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 26 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 14-დან 11 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანიც ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 გახლდათ. შერმადინი მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა და სავარაუდოდ “ევროქაფის” მესამე ტურის MVP-ის წოდებასაც დაეუფლება.
ამ გამარჯვებით “უნიკახას” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და D ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება. ესპანელები “ევროქაფის” შემდეგ მატჩს კი 23 ოქტომბერს, შინ, ყაზანის “უნიქსის” წინააღმდეგ გამართავენ.