ქუთაისის “ტორპედოს” ევროპალიგის პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი დარჩა
დღეს ქუთაისის “ტორპედო” “ევროპალიგის” მესამე საკავალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ალბანური “კუკეშის” წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება იმერლების გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა. ქუთაისელები ისტორიული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
მოახლოვებულ მატჩზე ჟურნალისტებთან ისაუბრა “ტორპედოელთა” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.
“აქ ყოფნის დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სასტუმროშიც, სადაც დავბინავდით, პერსონალი კარგად გვემსახურება, რისთვისაც მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის.
თქვენსავით (იგულისხმება “კუკეში”) ჩვენც საფეხბურთო კლუბი ვართ და ჩვენს ფეხბურთელებსაც შეექმნა სავიზო პრობლემები… კლუბი ვართ და არა ორგანიზაცია, რომელიც ვიზებს გასცემს, თანაც ამ ყველაფერს თავისი რეგულაციები გააჩნია… კიდევ ვამბობ, ორი ფეხბურთელი ვიზის პრობლემის გამო ჩვენც ვერ წამოვიყვანეთ, მაგრამ “კუკესს” ვერაფერში დავადანაშაულებთ, რადგან ის არაფერ შუაშია!
ორი კვირის წინ გადავგზავნეთ საბუთები… შემდეგ გვითხრეს, რომ იმავე საბუთები ელექტრონულ ფოსტაზე გაგვეგზავნა. მას შემდეგ 3-ჯერ გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ვერა და ვერ მივიღეთ – სრული იგნორი მათ მხრიდან!
ანგარიში 5:2 მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. პროფესიონალები ვართ და საქმეს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ბევრი მაგალითი გვინახავს, როცა პირველი მატჩი გუნდებს ამაზე დიდი ანგარიშით მოუგიათ, შემდეგ კი – წაუგიათ… ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს, რა მნიშვნელობის მატჩია და ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვლენ მოედანზე!”-განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
ალბანური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ქუთაისელები ევროპალიგის პლეი-ოფში ითამაშებენ. მომავალი მეტოქის ვინაობაც დღეს გაირკვევა. “ტორპედოელები” წარმატების შემთხვევაში “ზრინსკისა” და “ლუდოგორეცს” შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით მატჩის პირდაპირი ტრანსილაცია არცერთ სატელევიზიო არხზე არ იგეგმება.
ფოტო: fctorpedo.ge