გიორგი ჩაკვეტაძე – ყველაზე მეტად ყაზახეთთან გოლმა გამხსნა
„ძალიან წყნარი ბავშვი იყო, მაგრამ პატარაობისას ბურთთან თამაში უყვარდა და სახლში თუ რამე გვქონდა, ყველაფერი დამტვრეული იყო. მეექვსე კლასამდე კარგად სწავლობდა, სანამ შეეძლო, მერე კი თითქმის აღარ დადიოდა. ეზოში ყველა ამბობდა, რომ კარგი ბავშვია და ფეხბურთზე წაიყვანეთო. ერთხელაც, მეზობელთან ერთად წავედით. იქვე იყო პატარა კლუბი, მაგრამ უფრო პრესტიჟული „ნორჩი დინამო“ გახლდათ. მისმა პირველმა მწვრთნელმა, გივი ლომიძემ გვითხრა, ძალიან კარგი ბავშვი არისო. თავიდანვე ორი წლით უფროსებში ათამაშებდნენ, იმდენად კარგად გამოდიოდა,“ – იხსენებს გიორგის დედა, მთვარისა რუხაძე.
„მათემატიკაში იყო ძლიერი და მასწავლებელმა დაგვიბარა, ფეხბურთი მიატოვებინეთ და მათემატიკაში მოამზადეთო,“ – ამას უკვე გიორგის მამა, მერაბ ჩაკვეტაძე ამბობს.
ის აგრძელებს და გიორგის ჩატარებულ ყველაზე სასიამოვნო შეხვდრას იხსენებს – „თითქმის ყველა თამაში, განსაკუთრებით ნაკრების ბოლო თამაში, მთელი სტადიონი რომ წამოუდგა – დიახ, თბილისში ყაზახეთთან“.
მთვარისა რუხაძე – „ბელგიაში წასვლა უფრო გიორგის გადაწყვეტილება გახლდათ – აქეთ უნდოდა. იყო დიდი გუნდების შემოთავაზება. მაგრამ „გენტში“ წამოსვლა გადავწყვიტეთ“.
მერაბ ჩაკვეტაძე – „აქ ჩამოსულს ისე თბილად დახვდნენ, რომ გიორგიმაც გადაწყვიტა აქ წამოსულიყო“.
გიორგი ჩაკვეტაძე – „რა თქმა უნდა, წამოსვლა რთული იყო, რადგან ოჯახისგან შორს პირველად ვიყავი. ენის პრობლემაც მქონდა, მაგრამ ახლა ვსწავლობ და იმდენი პრობლემა აღარ მაქვს. საქმე იმანაც გამიიოლა, რომ ჩემს გვერდით გიორგია (ქვილითაია). ერთად დიდ დროს ვატარებთ – ბაზაზე, სახლში, გარეთ – სულ ერთად ვართ. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია“.
საქართველოს ნაკრებში 19 წლის ფეხბურთელმა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიხსენა – „რა თქმა უნდა, ასეთი ყაზახეთთან ერთა ლიგაზე გატანილი პირველი გოლია. მე ვფიქრობ, რომ ამ გოლმა ბოლომდე გამხსნა. „გენტში“ კი ასეთი მნიშვნელოვანი „ლოკერენთან“ გატანილი ბურთი იყო“.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს, დაესწარით მრავალს,“ – ასე დაასრულა ჩაკვეტაძემ საახალწლო ინტერვიუ.
1tv.ge