ქუთაისმა ოლიმპს მოუგო და სუპერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა
გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-7 ტური დღეს გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან თბილისური შეხვედრა უკვე დასრულდა: გათამაშების ლიდერი “ქუთაისი” “ოლიმპს” ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 87:82.
“ოლიმპი” მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდია და უიმედოდ არც ერთი შეხვედრა არ წაუგია. არც ქუთაისელებთან დაუყრიათ ოლიმპელებს ფარ-ხმალი და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა იმერული კლუბი მოწოდების სიმაღლეზე იყო როგორც მატჩის შუაწელში, ისე დასკვნით ეპიზოდში, რის ხარჯზეც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ძირითადად, თამაშის სცენარი იყო ასეთი: “ქუთაისი” ლიდერობდა, “ოლიმპი” კი წამოწევას ცდილობდა, რაც რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ გუნდს სტაბილურობა აკლდა და ერთ ეპიზოდში რომ კარგად ითამასებდა, შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა.
მეტნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ქუთაისელებმა მესამე პერიოდში მოუმატეს და აკაკი დვალიშვილის, ლევან ფაცაციას და გიორგი ბარბაქაძის შედეგიანობით ათწუთეული 18:11 მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 10 ქულით იგებდნენ, ხოლო “ოლიმპი” ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებდა. მარკ ოგდენი ძალიან შედეგიანად თამაშობდა, რომელაც ნიკა დარბაიძეც ეხმარებოდა, თუმცა მთლიანობაში, “ოლიმპს” გუნდური თამაშის ორგანიზება აკლდა და მეტოქის წამოსაწევად მცირედი აკლდებოდა. მატჩიც დასრულებამდე 2 წუთით ადრე დარბაიძის სამქულიანმა მასპინძლების ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა “ქუთაისის” მოთამაშეებმა ბოლო შეტევები აღარ გააცუდეს, სტაბილურად ჩაითამაშეს დარჩენილი დრო და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს.
ქუთაისელებს 20 ქულით და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 16 ქულა მოაგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 მოხსნა დაგრვდა. “ოლიმპში” 31 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. 19 ქულა და 8 პასი ჩარლზ ოგდენმა მიითვალა, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
gbf.ge