ბითაძის 12 ქულა და პირველი გამარჯვება “ბუდუცნოსტის” შემადგენლობაში
გოგა ბითაძემ ახალი გუნდის მაისურით პირველი გამარჯვება იზეიმა. “ბუდუჩნოსტმა” პოდგორიცეში ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლა და 96:70 გაანადგურა. ეს გახლდათ პირველი გამარჯვება 8 მარცხის შემდეგ, რომლებიც “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგასა და ადრიატიკის ლიგაში მიჯრით განიცადა.
პოდგორიცელთა გამარჯვებაში ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 23:19 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მონტენეგროელ დანილო ნიკოლიჩს (18) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
“ბუდუჩნოსტმა” 9 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ სერბულ “ცრვენა ზვეზდასა” და ხორვატულ “ცედევიტას” ჩამორჩება. ბითაძის გუნდს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო შეხვედრა 14 იანვარს ბელგრადში ფმპ-სთან ელის, მანამდე კი, 9 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის “მაკაბის” ესტუმრება.
gbf.ge