გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
გოგა ბითაძე ევროლიგის პირველ ორმაგ დუბლამდე ახლოს იყო, თუმცა “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ცენტრს ამაში ხელი 5-მა პერსონალურმა შეუშლა, რის გამოც ის მოედნიდან გავარდა. ეს მოხდა თელ ავივის “მენორა მივტახიმის” არენაზე, სადაც ევროლიგის მე-17 ტურში “მაკაბიმ” მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტს” უმასპინძლა და 81:76 დაამარცხა.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:25 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის პოდგორიცელთა რიგებში მხოლოდ ნორის კოულს (27) ჩამორჩა. ამერიკელმა უკანახაზელმა, რომელიც ნბა-ს 2-გზის ჩემპიონი გახლავთ, 25 ქულა ჩააგდო.
“ბუდუჩნოსტს” 3 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავაც მხოლოდ სტამბულის “დარუშაფაკას” უსწრებს, რომელსაც 11 იანვარს პოდგორიცეში უმასპინძლებს.
gbf.ge