შერმადინის 13 ქულა და სამეფო თასზე განთესილი გუნდის საგზური
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის “‘უნიკახამ” “ესტუდიანტესს” უმასპინძლა, 82:76 დაამარცხა და თებერვალში გასამართ ესპანეთის სამეფო თასზე განთესილი გუნდის სტატუსი მოიპოვა. მალაგელების ეს გამარჯვება ლიგაში მე-11 იყო, რითაც “უნიკახამ მე-4 ადგილი გაიმყარა და სამეფო თასის დაწყებამდე გასამართ მატჩებში მას ვერავინ დაეწევა.
შესაბამისად, 14-17 თებერვალს, მადრიდში გასამართ სამეფო თასზე, რომელშიც ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, 4 განთესილი გუნდი იქნება – “ბარსელონა”, “ბასკონია”, “რეალი” და “უნიკახა”. სწორედ ეს გუნდები ამ თანმიმდევრობით იკავებენ ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის 1-4 ადგილებს და სამეფო თასის დაწყებამდე მათ ლიდერობას არაფერი ემუქრება.
რაც შეეხება ესტუდიანტესთან” მატჩს, იგი მალაგელთა 6-ქულიანი უპირატესობით კი დასრულდა, თუმცა მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა. “უნიკახა” მთელი თამაშის მანძილზე იგებდა. ბოლო პერიოდში 14 ქულით ჩამოიტოვა მეტოქე და დარჩენილ დროში თავს დასვენების საშუალება მისცა.
გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 26:21 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა. შერმადინზე მეტი – 14 ქულა მალაგელთაგან დანიელ დიესმა ჩააგდო.
შემდეგ ტურში, 20 იანვარს, შერმადინის გუნდი სტუმრად “ობრადორიოს” დაუპირისპირდება.
gbf.ge