გოგა ბითაძემ მონტენეგროს თასზე ორმაგი დუბლი შეასრულა
მონტენეგროში თასის გათამაშების მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “იბარ როჟაიეს” უმასპინძლა და 105:54 დაჩაგრა. ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა, რომელიც რიგით მე-3 გახლდათ მონტენეგროს გუნდში.
შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ბითაძეს მოედანზე ყოფნა მხოლოდ 17:25 წუთი მოუწია, თუმცა, მორიგი შთამბეჭდავი თამაშის ჩასატარებლადა და ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო.
გოგას მონაგარი 13 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 5-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედეგიანობის მხრივ, ჩვენებურს მხოლოდ დანილო ნიკოლიჩმა აჯობა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ პოდგორიცელებს მომდევნო და გაცილებით მნიშვნელოვანი დაპირისპირება უკვე ხვალ ელით. 1 თებერვალს “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის ეგიდით მოსკოვის ცსკა-ს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
gbf.ge