“თსუ-ჰიუნდაიმ” ქორქია-საკანდელიძის მემორიალი ქუთაისში მოიგო

 

 

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებული “თსუ-ჰიუნდაი” გახდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა  გუნდმა ფინალურ მატჩში თბილისის “დელტა” დამარცხა და არსებობის მანძილზე პირველი სოლიდური ტიტული მოიგო.

ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მათ მშობლიურ ქალაქ ქუთაისში გაიმართა. ტურნირში სუპერლიგის 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. “თსუ-ჰიუნდაიმ” და “დელტამ” ჯგუფში სამივე მატჩი მოიგეს და ფინალში გავიდნენ, რომელიც 8 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

სატიტულო მატჩი ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორიც ფინალს შეეფერება. მართალია, ჩამორჩენილი გუნდი ნიადაგ წამოწევას ცდილობდა, თუმცა თავიდანვე დაწინაურებული “თსუ-ჰიუნდაი” იმდენად კარგად და შედეგიანად თამაშობდა, რომ მეტოქე ახლოს არ გაუკარებია. თსუ-ჰიუნდაელებმა პირველი პერიოდი 31:14 მოიგეს და მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

პირველი პერიოდის შემდეგ ტრავმებით დასუსტებულმა “დელტამ” თამაში გამოასწორა, მაგრამ არა იმდენად, რომ 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა მეორე მეოთხედი 23:18 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის დეფიციტი 12 ქულამდე შეამცირეს. ანგარიშის გასათანაბრებლად ბრძოლა მესამე პერიოდიდანვე განახლდა, თუმცა “თსუ-ჰიუნდაის” მწვრთნელი მეტოქის გააქტიურებას წუთშესვენებებითა და სხვა ტაქტიკური მანევრებით ეწინააღმდეგებოდა და ეს კარგადაც გამოსრიოდა.

ამერიკელმა ლეგიონერმა კორი სანდერსმა, რომელიც თსუ-ჰიუნდაელებს მემორიალისთვის “მეგა ბასკეტიდან” ჰყავდათ დამატებული, არაერთი შესვლა შედეგიანად დააგვირგვინა, მას მხარს თანაგუნდელებიც წარმატებით უბამდნენ და მესამე პერიოდის 21:20 მოგების შემდეგ”თსუ-ჰიუნდაიმ” 13-ქულიანი ლიდერობა დაიბევა, რაც ფაქტობრივად მოგების ტოლფასი იყო. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა და არსებობის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა კორი სანდერსს, რომელმაც 20 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა მიითვალა ჯეიმს მილიკენმა. 12 ქულა დაგროვდა რატკო პეტრიჩის ანგარიშზე, ხოლო გიორგი კორსანტიამ გამარჯვებულებას 11 ქულა შესძინა. “დელტაში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, გეგი ბაქრაძეს კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ტურნირის საუკეთსო უკანახაზელი გახდა კორი სანდერსი, რომელიც ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა, გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვა. საუკეთესო ფორვარდის პრიზი “დელტას” წევრმა – გეგო ბაქრაძემ დაიმსახურა, რომელსაც შესაბამისი პრიზი მსოფლიოს ჩემპიონმა – ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა.

დაბოლოს, “თსუ-ჰიუნდაის” კაპიტანმა, კოკა ტომარაძემ ქორქია-საკანდელიძის თასი ზურაბ საკანდელიძის მეუღლესგან ჩაიბარა და სტუდენტური გუნდი ქუთაისში ჩამოსულ საკუთარ ქომაგებთან ერთად პირველი ტურნირის აღნიშვნას საზეიმო ფოიერვერკის თანხლებით შეუდგა.

gbf.ge