თბილისის “დინამომ” “მარიბორი” დიდი ანგარიშით დაამარცხა

 

 

თბილისელებმა თურქულ შეკრებაზე რიგით მეოთხე შეხვედრა ჩაატარეს. ჩვენს გუნდს მეტოქეობა სლოვენიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა – მარიბორმა გაუწია.

მატჩი პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში დაიწყო და ბოლომდე რიტმი არ დაკარგულა. მეტოქემ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, დინამოელები კი კონტრშეტევაზე ამწვავებდნენ თამაშს. ამ ყველაფერმა შედეგი უკვე მე- 18 წუთზე გამოიღო. გიორგი კუხიანიძის გონივრული თამაში გუჯა რუხაიამ სწრაფი გარღვევით გააგრძელა, ბურთი ლევან შენგელიასთან გაითამაშა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა მარიბორის კარში და 1:0. ათიოდე წუთში სლოვენიელებს ჰქონდათ სახიფათო შეტევა, თუმცა ხელსაყრელი სიტუაციიდან არაზუსტად გაისროლეს.

35- ე წუთზე ხოსე პერალესმა აკრობატულ ნახტომში იხსნა დინამოელთა კარი.

ამის შემდეგ კი დინამომ მოიპოვა უპირატესობა და ტაიმი მეორე გატანილი გოლით დაასრულა, მანამდე კი არაერთი სახიფათო შეტევა მიჯრით, თუმცა უშედეგოდ

. 39- ე წუთზე ლევან შენგელიას ძლიერი დარტყმა და ბურთი ამჯერად მეტოქის გოლკიპერმა მოიგერია კუთხურზე. ჩამოწოდებულ კუთხურს ვიქტორ მონხილი გზავნიდა კარისკენ, ბურთი ძელმა მოიგერია. შემდეგ შეტევაში გიორგი ზარიამ სახიფათოდ დაარტყა ჯარიმა, ბურთი სანტიმეტრებში აცდა მარიბორის კარს. ამის შემდეგ სახიფათო დარტყმები ლევან შენგელიამ და ლევან კუტალიამ ჩაიწერეს აქტივში. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მონხილმა მაკრატელა შეაგება და ისევ კუთხური. წნეხმა კი შედეგი პირველი ტაიმის ბოლოს გამოიღო, ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა და დინამო შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში დინამომ მეტი აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთა და ეს მისიაც კარგად შეასრულა. 69- ე წუთზე ბაქარ ქარდავამ ძლიერად დაარტყა, ბურთი ბოლო წამს გოლკიპერმა კუთხურზე მოიგერია. მე- 80 წუთზე მარიბორის შეტევა ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით დასრულდა, პენალტი კი ზუსტი ნახტომით ხოსე პერალესმა მოიგერია.

რვა წუთში დინამოელებმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. ნიკა ნინუას გამჭოლი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლევან კუტალია გაიჭრა, რომელიც საჯარიმოში აკრძალული ხერხით შეაჩერეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად ლევან კუტალიამ პანენკას სტილში ზუსტად შეასრულა და მატჩიც მალე დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრა დმიტრო ივანისენიამ მიკრო ტრავმის გამო, ხოლო გიორგი პაპავამ სიცხის გამო გამოტოვეს.

რაც შეეხება ლუკა ქაფიანიძეს, მას ტრავმა გაუმიზეზდა და სრულფასოვანი გამოკვლევის ჩასატარებლად თბილისში გაემგზავრა. დინამოელები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 15 თებერვალს ლატვიურ ლიეპაიასთან გამართავენ.

 

დინამო 3:0 მარიბორი

გოლი: 1:0 შენგელია 18’  2:0 შენგელია 45’  3:0 კუტალია (პენ) 88’

 

დინამო: პერალესი, რუხაია (გაბიტაშვილი 81), მეჯუბი (ძოწენიძე 75), მონხილი (კობოური 75), იაშვილი (ნოჩე 70), ზარია (ქარდავა 67), კუხიანიძე (ნინუა 67), შენგელია (ერგემლიძე 70), შულაია (როხანო 65), კარბია, კუტალია

fcdinamo.ge