საფეხბურთო კლუბმა “ცხინვალმა” განცხადება გაავრცელა

 

თურქეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბმა “ცხინვალმა” განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ს.კ. ცხინვალის “ცხინვალის” ოფიციალური განცხადება
ქართული საფეხბურთო (და არა მარტო საფეხბურთო) საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი კლუბი შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს. დაარსების დღიდან კლუბი იცავს ფიფას მიერ დადგენილ და უმთავრეს პრინციპად აღიარებულ FAIR PLAY-ის წესებს. უფრო მეტიც, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც.

ამჯერად გვინდა გამოვეხმაუროთ, თურქულ მასმედიაში (www.cnnturk.com/www.malatyaguncel.com) გავრცელებულ ინფორმაციებს, რომელიც ქართულმა მასმედიამაც გაახმოვანა და რომელშიც ჩვენი კლუბის 5 ფეხბურთელია მოხსენიებული. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად მცდარია. ყველა ამ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ “ცხინვალი” ანტალიის დაბა ბელექშია დაბინავებული. ჩვენი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა, ჯერ კიდევ 16 თებერვალს, თურქეთში გამგზავრებამდე ამცნო საზოგადოებას, რომ ანტალიაში, სიდეში, სასტუმრო “სენსე დე ლუქსში” დაბინავდებოდა და “ცხინვალი” დღესაც სიდეში, “სენსე დე ლუქსშია” განთავსებული.

ჩვენი გუნდის 5 ფეხბურთელი, 20 თებერვალს სიდედან მართლაც გაემგზავრა ანტალიაში, სადაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საქონელი შეიძინეს და შეძენის დამადასტურებელი ქვითრები (ე. წ. ჩეკები) თან ჰქონდათ. შეძენილი ნივთების სალაროში გატარებისას გარკვეული გაუგებრობა მოხდა, რის გამოც ჩვენი ფეხბურთელები მართლაც დაკითხეს და რამდენიმე საათის შემდეგ, სასტუმრო “სენსეში” გუნდს შეუერთდენ. უფრო მეტიც, ხუთივე ფეხბურთელი აქტიურად აგრძელებს მზადებას და შესაძლოა დღეს, ანთალიური შეკრების პირველ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სიდედან სიახლოვეს მდებარე ევრენსეკის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის დროით 16:30 საათზე, დანიური “ნიკოპინგის” წინააღმდეგ გაიმართება.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ცხინვალი” აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან. გამოძიების დასრულებამდე, სანქციების გატარებას მოვერიდებით, რათა არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია, არ დავუშვათ კლუბისა და ფეხბურთელების იმიჯის შელახვა. ამ საქმის ძიების დასრულების შემდეგ, ჩვენი კლუბი შესაბამის ზომებს მიიღებს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ქართული სახელმწიფოსა და ქართული ფეხბურთის იმიჯს.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ცხინვალი”.”

fb/tskhinvali