კალათბურთის ეროვნული ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველომ ესტონეთი თბილისის სპორტის სასახლეში მიიღო.
მატჩის პირველ მეოთხედში საქართველოს მცირე უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ანგარიშში დიდი სხვაობით დაწინაურება ვერ მოახერხა. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა გუნდის კაპიტანი გიორგი შერმადინი, რომელმაც მხოლოდ პირველ მეოთხედში 11 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ტაიმი 11 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა.
პერიმეტრიდან კარგად ისროდნენ დუდა სანაძე და თად მაკფადენი. მაკფადენმა ექვსიდან სამი სამიანი გამოიყენა, ხოლო სანაძემ კი 16 ქულა და ოთხი ჩაჭრა დააგროვა.
საგულისხმოა, რომ პირველი 14 წუთის შემდეგ ქართველაგან ყველა ქულა ამ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა, დარჩენილ დროში კი მათ 4 ქულით გიორგი ცინცაძე, ხოლო ერთი ქულით მიხეილ ბერიშვილი დაეხმარა. მეორე მეოთხედში სტუმრები გააქტიურდნენ და პერიოდის შუაში ანგარიშით – 39:38 დაწინაურდნენ. საბოლოოდ კი სტუმრებმა ტაიმი 48:42 მოიგეს.
მეორე ტაიმში საქართველომ ჩამორჩენა აღმოფხვრა. განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წამები აღმოჩნდა, როდესაც მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თად მაკფადენმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა – 77:77.
დაპირისპირების დასრულებამდე 38 წამით ადრე დუდა სანაძე კედუსზე დაჯარიმდა, რომლის ტყორცნაც ზუსტი აღმოჩნდა. მან ბონუს ჯარიმაც გამოიყენა და საკუთარ გუნდს სამქულიანი უპირატესობა მოუტანა. დარჩენილ დროში ილიას ზუროსის გუნდმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და საბოლოოდ ანგარიშით – 84:77 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 22 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. 21 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს.
საქართველომ ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფიდან საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი გავიდნენ.
1tv.ge