ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი 13 აპრილს დაიწყება
13 აპრილს, საქართველოს 5 ქალაქში სტარტს აიღებს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის გათამაშება. რიგით მე-4 ეროვნულ ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ხაშურის „ივერია“, ლანჩხუთის „ლანჩხუთი“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო ბათუმი“, თბილისის „ნიკე“, ხობის „კოლხეთი“, ჩხოროწყუს „სამეგრელო“, თბილისის „ნორჩი დინამო“, გორის „გორი იუნაიტედი“, ახალციხის „ზარზმა“ 2019 წლის 13 აპრილიდან 20 სექტემბრამდე, საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ.
ნინო სორდია: „ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაში ტრადიციულად 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ფედერაციაში ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 12 გუნდის განაცხადი იყო შემოსული. სამწუხაროდ, 2-მა გუნდმა ასაკობრივი ცენზის გამო ვერ დააკმაყოფილა დებულებით გათვალისწინებული კრიტერიუმები. თუმცა, სამომავლოდ, ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდების რიცხვის ზრდას არ გამოვრიცხავთ.
2019 წლის გათამაშებაში გვყავს დებიუტანტი გუნდი „ზარზმა“ ახალციხიდან. კიდევ ერთი სიახლე მატჩებში მონაწილე გუნდების „შეცვლების“ რაოდენობაა. ადრე, გუნდს თამაშის მანძილზე 5 ფეხბურთელის შეცვლის უფლება ჰქონდა, წლევანდელი გათამაშებიდან კი მწვრთნელებს თამაშში 7 ფეხბურთელის შეცვლის უფლება ექნებათ. ეს კი, მეტ გოგონას მისცემს საშუალებას ჩართული იყოს თამაშის პროცესში და მიიღოს სათამაშო გამოცდილება, რაც მომავალში ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს წაადგება.
ისევე, როგორც ადრე ქალთა ფეხბურთის ფედერაციისა და უშუალოდ ქალთა ლიგის პარტნიორია ფირმა „ჯომა“. სწორედ, ამ ფირმის სათამაშო ფორმები გადაეცა ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს. ფორმა არის დაბრენდილი ქალთა ფედერაციის, ქალთა ლიგის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თუკი, ასეთი ჰყავს გუნდს, სპონსორის ლოგოებით. სათამაშო ფორმების გარდა, გუნდებს ტრადიციულად გადაეცათ სპორტული ინვენტარი. გასულ სეზონთან შედარებით გაზრდილია, გუნდების დაფინანსება.
სიახლეა მატჩებზე მომსახურე მსაჯების მხრივაც. თუკი, აქამდე ქალთა ლიგაზე მომსახურე ქალი მსაჯების რაოდენობა იყო ორი, წელს მათი რიცხვი 5-მდე გაიზარდა. სხვათა შორის, იზრდება, მსაჯობის მსურველი ქალების რიცხვიც. 11 აპრილს, სფფ-ს მსაჯთა აკადემიაში დაწყებულ მორიგ სასწავლო კურსში 8 გოგონა მონაწილეობს.
წელს პირველად, შემოდგომაზე ქალთა გუნდები საქართველოს თასს გაითამაშებენ. თუმცა, ამ გათამაშების შესახებ, დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქალთა ლიგის მონაწილე ყველა გუნდს ნაყოფიერი ჩემპიონატი და წარმატება ვუსურვო“.
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ქალთა ლიგა, რეგულარული ჩემპიონატის სახით 2016 წლიდან ტარდება. პირველ ჩემპიონატში, მხოლოდ 6 გუნდი ასპარეზობდა. მომდევნო წლიდან მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ქალთა ლიგის 2 გათამაშების გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“ იყო. 2018 წელს, კი ჩემპიონობა გათამაშების დებიუტანტმა თბილისის „ნიკემ“ მოიპოვა.
2019 წლის შემოდგომიდან, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მანამდე უეფა-ს ქალთა პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ორჯერ ქუთაისის „მართვემ“ მიიღო მონაწილეობა.
Gff.ge