გიორგი ჭიაბრიშვილმა “შერიფთან” შეხვედრა შეაფასა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის “საბურთალო” ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში ქართველებმა მოლდოვური გუნდი 4-3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
თამაშის შემდეგ “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნრლმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“იმ 10 წუთის განმავლობაში ჩვენი თამაში არ იყო. ქვეცნობიერად შეიძლება გასულები ვიყავით და ეს ამიტომ მოხდა. ბოდიშს გიხდით ყველას. მე ვფიქრობ, სხვანაირი თამაში უნდა გენახათ. აქ მოსულ ხალხს ისეთივე თამაშის ნახვა სურდათ, როგორიც ტირასპოლში ვითამაშეთ. დღეს მოწინააღმდეგემ გვაჯობა.
გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ თავისი თამაში უნდა ეთამაშათ. პირველ ტაიმში ბევრი გრძელი პასი იყო, დაცვიდან თავდასხმაში პირდაპირ ხშირად გადავდიოდით. მეორე ტაიმში მეტოქეს მოთამაშე გაუძევეს, ეს ჩვენი დამსახურებაცაა. მეორე ნახევარში ფეხბურთელები დამშვიდნენ და თავისი თამაში აჩვენეს.
რაც შეეხება ზაგრებს, ფავორიტები არც შერიფთან ვყოფილვართ და არც ამ ეტაპზე ვართ.
ზოგადად, უძველესი დროიდან, ქართული ფეხბურთელი შეტევით გამოირჩევა და წარმოუდგენელია, ჩემი გუნდი სხვა სტილით ვათამაშო”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.