საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა და მეოთხედფინალს მიუახლოვდა

 

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში კოსოვოც დაამარცხა და 4-დან 4 გამარჯვებით, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მიუხედავად ლიდერობისა, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა ჯერ არ გაუნაღდებია. თუმცა ეს თეორიულად, ისე კი, დიდი სენსაცია უნდა მოხდეს, საქართველო ჯგუფის საუკეთესო ორ გუნდს შორის რომ ვერ მოხვდეს.

ამაღამ, თბილისის დროით ღამის პირველი საათისთვის, დასრულებული იქნება ჩვენი ჯგუფის ბოლო მატჩი, რომელშიც თუკი შვედეთი ჰოლანდიას დაამარცხებს, საქართველო ჯგუფიდან გასვლას, ანუ მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს. თუ ასე არ მოხდა და ჰოლანდიამ იმარჯვა, რითაც ის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, საქართველოს ბოლო ტურში ესტონეთთან 19 ქულაზე მეტით წაგების უფლება არ ექნება. ანუ გლიგორიევიჩის გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავა, თუკი 2 ათეული ქულით წააგებს, ეს კი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად სენსაციის ტოლფასია.

რაც შეეხება კოსოვოელებთან მატჩს, საქართველომ ის მოლოდინისამებრ იოლად – 86:52 მოიგო. ასევე მოსალოდნელი იყო, რომ მწვრთნელი ყველა კალათბურთელს გაიყვანდა მოედანზე და მათ სათამაშო დროს დაახლოებით თანაბრად გადაუნაწილებდა. ასეც მოხდა. ყველაზე მეტი – 23 წუთი, რატი ანდრონიკაშვილმა ითამაშა, ხოლო ნაკლები – 10 წუთი – ბერდია ქავთარაძემ. სომხეთის შემდეგ კოსოვო გახლდათ მეორე მეტოქე, რომელთან მატჩიც საქართველოს მწვრთნელთა შტაბმა ტაქტიკა-სტრატეგიის დასამუშავებლად კარგად გამოიყენა.

მეორე მეოთხედში კოსოვოელები ცოტა გაგვიძალიანდნენ და 10-წუთეული ფრედ – 20:20 დაგვიმთავრეს, თუმცა მანამდე 10 ქულას აგებდნენ და მესამეში ქართველებმა რომ მეტი მონდომებით მოჰკიდეს ხელი შეტევების დაგვირგვინებას, ანგარიშში სხვაობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. ჩვენმა ნაკრებმა მეორე ნახევარი 47:23 მოიგო და საბოლოოდ 34 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. ეფექტურობის კოეფიციენტით საუკეთესო ნიკა მეცხვარიშვილი იყო – 8 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი. 8 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა ივანე მეგენეიშვილმა, ხოლო ბომბარდირი 12 ქულით ლუკა მაზიაშვილი გახდა. რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.

საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ესტონეთის ნაკრებთან 17 ივლისს, თბილისის დროით 21:15 საათზე გამართავს.

 

კოსოვო – საქართველო
სტატისტიკა: 52:86

GBF.GE