გიორგი ჭიაბრიშვილი: შემტევ ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” მატჩის წინ თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

“კარგია, რომ ზაგრების “დინამოს” რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება, სასიხარულოა, რომ ოლმო თბილისურ მატჩში არ იქნება, თუმცა ამ გუნდს ძირითადად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს. თუ ერთი არ იქნება, მეორე იქნება.

“საბურთალოს” სტილი არ შეუცვლია. ამიტომ შემტევ ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას.  ყველა შემთხვევაში, საბურთალოს ამ ტურნირზე ჩატარებული თამაშები წაადგება. რომ გავაანალიზე შეხვედრა, არ იყო მეტოქის დაუფასებლობა, საქმე უიღბლობაში იყო. ჩვენ რომ განწყობა სხვანაირი გვქონოდა, 0:3–დან ვეღარც მოვატრიალებდით. როგორც არ უნდა იყოს, შერიფთან დაპირისპირებით ჩემმა ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს.

შეიძლება, ზაგრების “დინამო” არ არის გრანდი, მაგრამ გრანდების მერე კი მოდის. ჩვენ არასოდეს გვითამაშია ასეთი დონის გუნდთან. რამდენადაც ძლიერია მოწინააღმდეგე, იმდენად საინტერესოამასთან თამაში. ვნახოთ, რა შეგვიძლია ასეთ შეხვედრებში.

ვფიქრობ ცვლილებებზე, არამარტო საყრდენ ზონაში, ნებისმიერ პოზიციაზე. ორთამაშიან დაპირისპირებაში საბოლოო შედეგი უნდა შეაფასო, მეორე შეხვედრაში ჩავვარდით. კონკრეტულად გუნდმა ითამაშა ცუდად და არა, რომელიმე ცალკეულმა ფეხბურთელმა.”-განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

“საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” მატჩი 23 ივლისს გაიმართება. შეხვედრა “მიხეილ მესხზე” 21:30 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 1 ლარია. აღნიშნული დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა შესაძლებელი.