საქართველოს u18 ნაკრები ესტონეთთან ბოლო წამზე დამარცხდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი მატჩების სერია დაასრულა. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, ესტონეთის ქალაქ პიანუში ამ ქვეყნის ნაკრებთან საკონტროლო მატჩი გამართა, რომელიც საფინალო სირენის თანხლებით მიღებული სამქულიანით – 54:57 წააგო.
მართალია, თუ არ ჩავთვლით პირვლ წუთს, ესტონელები მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში, უკანასკნელ წუთზე ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს. მასპინძელთა ბოლო შეტევა ზუსტი აღმოჩნდა და შორეული სროლით ესტონეთმა გამარჯვებას მიაღწია.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე. 11-11 ქულა დაჩი ქავთარაძემ და ირაკლი კილაძემ მიითვალეს. ჩვენი ნაკრები ესტონეიდან ლატვიაში დაბრუნდა და 23 ივლისს რუმინეთში გაემგზავრება, სადაც 26 ივლისიდან სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი.
ტურნირში 24 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, დანიასთან, უკრაინასთან, სლოვაკეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სამეულში მოსახვედრად ბრძოლას გუნდები მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ისევე, როგორც ყველა ასაკობრივი ევროჩემპიონატის B დივიზიონში, 18-წლამდელებშიც 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს.
ესტონეთი – ლატვია
სტატისტიკა: 57:54
gbf.ge