გორის “დილას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ გორის “დილას” ახალი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დღეს ოფიციალურად წარადგინეს.
გუნდის სპორტულმა დირექტორმა “დილის” უკვე ყოფილ უფროს მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც გუნდთან ბოლო 8 თვის განმავლობაში მუშაობდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ მწვრთნელს კი წარმატებები უსურვა. ნემსაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარია გუნდი სარისკო ზონიდან გამოვიდეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
4 აგვისტოს ბათუმის “დინამოსთან” “დილა” თამაშს უკვე შეცვლილი შემადგენლობით გამართავს. ლუკა გუგეშაშვილი, გოდერძი მაჩაიძე და დიდიერ კოუგბენია ახალმა მოთამაშეებმა: ქუთაისის “ტორპედოს” თენგიზ წიქარიძემ, “შევარდენის” გიორგი ჩოჩიშვილმა და ბრაზილიელმა ალეპ სანტოსმა შეცვალეს.
განახლებული შემადგენლობით “დილა” ამხანაგურ მატჩებს ხვალ სომხეთის “ნოასთან” და 27 ივლისს “ვიტ ჯორჯიასთან” გამართავს, ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებაზე.
tvimedi.ge