რუსთავი მზადებას აქტიურად განაგრძობს
საქართველოს ჩემპიონატში ჯერჯერობით პაუზაა და ეროვნულილიგის გუნდებიც, შეძლებისდაგვარად, აგრძელებენ მზადებას სეზონის განახლებისთვის.ამ გუნდებს შორის არის “რუსთავიც”, სადაც საინტერესო ამბები ხდება.
ვარლამ კილასონიას შეგირდებმა საკმაოდ ნაყოფიერი ათდღიანი შეკრება გაიარეს მარტყოფში მდებარე და მართლაც ძალიან კარგად კეთილმოწყობილ სარაგბო ბაზაზე.
ამას მოჰყვა მცირეხნიანი შესვენება და აი, საკონტროლო მატჩების დროც დადგა. პირველი სპარინგმატჩი “რუსთავს” დუშეთში, ადგილობრივ “არაგვთან” ჰქონდა და ეს საკონტროლო შეხვედრაც, რანგით ბევრად უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე გუნდმა მოიგო – 2-1.
მომდევნო სპარინგმატჩი კი “რუსთავს” უკვე უცხოურ გუნდთან ჰქონდა: რამდენიმე დღეა, მარტყოფის კეთილმოწყობილ სარაგბო ბაზაზე გადის შეკრებას ისრაელის რანგით II ლიგაში მოასპარეზე “ჰაპოელი” (ბნეი ლოდი) და სწორედ ამ კლუბთან ჩაატარა ვარლამ კილასონიას გუნდმა მეორე საკონტროლო მატჩი. შეხვედრა 1-1 დასრულდა.
ეროვნული ლიგის განახლებამდე, “რუსთავი” კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს – 24 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემიის (რუსთავი) სტადიონზე “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. 27 ივლისს კი თბილისში, მუხიანის სპორტკომპლექსში თელავის “თელავთან” გამართავს ბოლო სპარინგს. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება.