გიორგი ჭიაბრიშვილი: ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, დასაკარგი არაფერია
დღეს, დედაქალაქური “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრებში “დინამოს” გაეჯიბრება. გუშინ, კი მატჩისწინა პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გამართა, რომელიც ჟურნალისტების წინაშე ფეხბურთელ გეგა დიასამიძესთან ერთად წარდგა:
– “დინამოსთან” მატჩს დანაკლისით ხვდებით. რა მდგომარეობაა გუნდში?
– გუნდში საბრძოლო განწყობაა, ის ფეხბურთელები, რომლებიც სათამაშოდ გავლენ, მაქსიმუმს გაიღებენ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ამჯერადაც, ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს მატჩი დაგვანახებს. კარგად ვიცით მეტოქის შესაძლებლობები, ვიცით მისი სიძლიერე. ტრავმები გვაქვს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს. მთავარი ხვალინდელი თამაშია.
– ტრავმების ფონზე ლევან ყენიას თამაშს თუ უნდა ველოდოთ?
– რთულია თქმა, ითამაშებს თუ არა. ლევანი ჯერ არ არის სათამაშო ფორმაში. მისი თამაში ამ დროისთვის, გარკვეულ რისკებს წარმოადგენს. იმედია, არ მომიწევს ამ ეტაპზე მისი თამაშში ჩართვა.
– რამდენიმე კვირის წინ “შერიფთან” ჩატარებულმა მატჩმაც დაგვანახა, რომ დღევანდელ ფეხბურთში შესაძლებელია 0:3 ამოქაჩვა. რამდენად შეუძლია გუნდს ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა?
გეგა დიასამიძე:
– შეუძლებელი არაფერია. პირველ მატჩში 0:2 დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ ურიგო ფეხბურთი არ გვითამაშია. უპირატესობასაც ვფლობდით, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ… ფსიქოლოგიურად მზად ვართ, დანარჩენს მატჩი დაგვანახებს.
გიორგი ჭიაბრიშვილი:
– “შერიფთან” 0:3 რომ ვმარცხდებოდით, ძირითადად საკუთარი შეცდომების ხარჯზე. “დინამო” არ არის “შერიფი”, ბევრად გამოცდილი და დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით, ცოტა იღბალიც თუ ჩვენსკენ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია.
– საქართველოში იშვიათად ხდება, რომ წაგებული მატჩის შემდეგ, გუნდს ტაშს უკრავდნენ. ეს ფაქტორი იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ გუნდმა კიდევ უფრო ლაღი ფეხბურთი ითამაშოს?
– მართალია, პირველ შეხვედრაში “დინამოსთან” 0:2 დავმარცხდით, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, დასაკარგი არაფერია. თუ მოვიგეთ, თანაც სასურველი ანგარიშით, გმირობას ჩავიდენთ. მთავარი მატჩი სამწუხაროდ საკუთარ კედლებში დავთმეთ, უკან დასახევი გზა არა გვაქვს.
-“დინამოსთან” ორი განსხვავებული ტაიმი იხილა გულშემატკივარმა. რა შეცდომები იყო?
– ჩვენის მხრიდან გარკვეული შეცდომები შესაძლოა იყო, მაგრამ მეტოქის დამსახურებააა, რომ მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა.
– ხვალინდელი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატში მიჩვეულები ვართ ამ მდგომარეობაში თამაშს. ეს ფაქტორი რამდენად დაგეხმარებათ?
გეგა დიასამიძე:
– მე მერჩინა სავსე ტრიბუნების ქვეს თამაში, რადგან უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებდით. სასიამოვნოა, როდესაც სტადიონი სავსეა. ამ დროს მეტი ენერგიითა და შემართებით ხარ.
გიორგი ჭიაბრიშვილი:
– ცარიელ ტრიბუნებზე არ ვთამაშობთ, რადგან ჩვენ ჩამოგვყვნენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ისტორიის მქონე კლუბი ვართ, ამ პერიოდში ბევრი გულშემატკივარი შევიძინეთ. ხვალინდელი მატჩი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდი რაოდენობა გვიყურებს და გვიგულშემატკივრებს.
FCSaburtalo.ge