ბასილაშვილმა ისევ მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გაიარა აშშ-ის ღიას მეორე წრე. მან ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ნაკლებად ცნობილი ამერიკელი, მსოფლიოს 394-ე ჩოგანი ჯენსონ ბრუქსბი.
პირველი სეტი და მეორე სეტის პირველი ნახევარი 18 წლის ამერიკელის უპირატესობით მიდიოდა. საწყის პარტიაში მან ორი ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა, ბასილაშვილს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.
მეორე სეტის სტარტი ბასილაშვილისთვის ძალიან ცუდი გამოვიდა – ორმაგი ბრეიკით 0:4 ჩამორჩა. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა თამაშის სურათი: ბასილაშვილმა ჯერ ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მეათე გეიმში – მეორე, თან ერთი სეტბოლიც მოიგერია. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ბასილაშვილმა ძალიან სტაბილურად ითამაშა თავის მოწოდებაზე – არც ერთი ქულა არ დაუთმო მეტოქეს და ამასთან, ორი მინი-ბრეიკი შეასრულა. სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
თრილერი მესამე სეტში გაგრძელდა: ჯერ ბასილაშვილი დაწინაურდა ბრეიკით, შემდეგ ზედიზედ ორი ბრეიკი აიღო ბრუქსბიმ, ამას მოჰყვა ქართველის მიერ ორჯერ მოგებული მეტოქის გეიმი, მაგრამ ნიკამ სეტზე ჩაწოდება ვერ მოახერხა – ამერიკელმა უკუბრეიკი შეასრულა. საქმე მეორე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა ბასილაშვილმა სეტში მეოთხე ბრეიკი აიღო და ბოლოს მაინც შეძლო პარტიაზე ჩაწოდება.
ამის შემდეგ, ბრუქსბის წინააღმდეგობა გატეხილი იყო. მეოთხე სეტი ბასილაშვილმა ორმაგი ბრეიკით დაიწყო და 3:0 დაწინაურდა. მართალია, ბრუქსბიმ ერთი უკუბრეიკი იქვე შეასრულა, მაგრამ ნიკამ კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, რაც მოახერხა კიდეც. სამი საათი და ექვსი წუთი ბრძოლის შემდეგ, ქართველმა ოთხ სეტში მოიგო – 3:6, 7:6(3), 7:5, 6:2.
ბასილაშვილმა შეძლო 1/16 ფინალში გასვლა, მაგრამ მის თამაშში ბევრი ხარვეზი იყო, განსაკუთრებით მოწოდებისას: 15 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე მოწოდებით ქულების 50 პროცენტი მოიგო. ბრეიკ-პოინტებში ბასილაშვილმა ორჯერ აჯობა მეტოქეს – 21 10-ის წინააღმდეგ, ქართველმა ცხრა ბრეიკი შეასრულა, ბრუქსბიმ – შვიდი.
ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერმანელი დომინიკ კოპფერი იქნება, რომელიც მსოფლიოს 118-ე ჩოგანია. ისინი პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს
1tv.ge