გოგა ბითაძემ მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა
გოგა ბითაძის პირველი ხმაურიანი მატჩი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ინდიანა პეიზერსის ქართველმა ცენტრმა კლივლენდთან ბრძოლაში – 102:95 (სტატისტიკა) მოგებულ მატჩში 24:54 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. 20 წლის ცენტრმა, რომელიც ინდიანელებმა დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანეს, კლივლენდთან მატჩში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ მშვენივრად გამოიყენა ცენტრის პოზიციაზე თავისი კონკურენტის, მაილს ტერნერის ტრავმით ბოძებული შანსი, რომელიც ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა წინა მატჩის დასაწყისშივე, ბრუკლინთან მიიღო. თუმცა იმ შეხვედრაში ბითაძე მხოლოდ 9 წუთი ათამაშეს, დღევანდელ მატჩში კი მწვრთნელებმა გუნდის ახალბედას დიდი ნდობა გამოუცხადეს და მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში თამაში არ დააწყებინეს, მოედანზე მთელი 25 წუთით გაიყვანეს და შედეგიც მოიმკეს. ბითაძე შესანიშნავი იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. 4 დაფარება ნბა-ში საკმაოდ მსუყე შედეგია და პლუს ამას, გოგამ 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
არანაკლებად მნიშვნელოვანი შედეგია ის 15 ქულა, რითაც ინდიანამ კლივლენდს აჯობა ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში. ამ კომპონენტში ქართველი ცენტრი ინდიანელთაგან საუკეთესო იყო. გოგამ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს მარკუს ბროგდონმა (25 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) და დომანტას საბონისმა (18 ქულა, 17 მოხსნა, 4 პასი) ულიდერეს. ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მყოფმა თი ჯეი ლიფმა მოედანზ 8 უქულო წუთი გაატარა, ჯერემი ლემბმა კი 21 ქულა და 10 მოხსნის სახით ინდიანელთა მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა.
სასტარტო წაგებების შემდეგ ინდიანა იუმჯობსებს შედეგებს. ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე აღწევდა. მომდევნო შეხვედრას ინდიანელები 4 ნოემბერს, შინაურ არენაზე “ჩიკაგოსთან” გამართავენ.
https://youtu.be/QEHpBv4cmAE
Gbf.ge