გოგამ შარლოტის წინააღმდეგ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა
გოგა ბითაძემ ნბა-ში მისთვის სარეკორდო დროით ითამაშა. ინდიანელთა ძირითადი ცენტრისა და ფორვარდის ტრავმების ფონზე 20 წლის ქართველმა მოედანზე 31:48 წუთი დაჰყო და საკმაოდ შედეგიანიც იყო. ეს გახლდათ ზედიზედ მეორე მატჩი, რომელიც ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. სამწუხაროდ, მისი “ინდიანა” “შარლოტთან” ოვერტაიმში – 120:122 დამარცხდა.
ინდიანელები ამჯერად შარლოტს სტუმრობდნენ და ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის (ის დარბაზში იყო და გუნდს აქტიურად ქომაგობდა) მფლობელობაში მყოფ ჰორნეტსთან ოვერტაიმში 120:122 წააგეს. პეისერსმა პირველ მეოთხედში 15-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და შემდეგ სხვაობა 19 ქულამდეც ავიდა, თუმცა, ბოლო მეოთხედი “ჩაუვარდა” (21:35) და ვეღარც ოვერტაიმში იყოჩაღა. უცნაური იყო ისიც, რომ მასპინძლებმა 42 საჯარიმო ესროლეს, სტუმრებმა კი – მხოლოდ 7.
ბითაძემ მოედანზე მისთვის სარეკორდო 31:48 წუთი გაატარა და მეტსაც ითამაშებდა რომ არა 6 პერსონალური ფოლი. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ჯარიმების გამო თამაში ნაადრევად ზედიზედ მეორედ დაასრულა.
გოგას აქტივში 6 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი და 4 დაფარება ჰქონდა, რაც ლიგის ახალბედისთვის ჩინებული სტატისტიკაა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენებურმა 4 ბლოკ-შოტი მიჯრით მე-3 შეხვედრაში მიითვალა, რაც ურთულესი გასაკეთებელია.
ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
პეისერსის რიგებში ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი უორენი იყო 33 ქულით, მალკოლმ ბროგდონმა 31 ქულა და პასი მიითვალა, ჯერემი ლემბმა კი 18 ქულა ჩააგდო.
პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 7 ნოემბერს, შინ, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
gbf.ge