შენგელიამ ობრადორიოს 29 ქულა ჩაუგდო და პირადი რეკორდი გააუმჯობესა
თორნიკე შენგელია კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ვიტორიის ბასკონიას ქართველი ფორვარდი როგორც ევროლიგაში, ისე შიდაჩემპიონატში ჩაუქობს. ესპანეთი ჩემპიონატის მორიგ ტურში ბასკონია სტუმრად შეხვდა “ობრადორიოს” და შენგელიას წინამძღოლობით დამაჯერებელი სხვაობით – 92:79 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა ბასკონიაში პირადი რეკორდი დაამყარა – მის ანგარიშზე 29 ქულა დაგროვდა. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი 28 ქულა იყო, რომელიც თორნიკემ “მურსიას” ჩაუგდო.
“ობრადორიოსთან” სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ მოედანზე 33:46 წუთი გაატარა და 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 14-დან 6 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე თორნიკემ კალათში საკუთარი ნახევრიდან ნასროლი ბურთი ჩააგდო და ეს, შეხვედრის უმთავრეს ჰაილაითად იქცა.
ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელია და თუკი დარჩენილ შეხვედრებში ვერავინ გადაფარა, ჩვენებური ტურის უძვირფასესი მოთამაშე გახდება. ბასკონია 4-4 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 17 ნოემბერს, შინ, ფუენლაბრადასთან ჩაატარებს.
gbf.ge