ბათუმის დინამომ სამტრედია დაამარცხა და გურიას 18 ნოემბერს გაეჯიბრება

ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა, რასაც ჩემპიონატის დასკვნითი ორი ტური მოყვება. სწორედ ეს მატჩები გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი დინამო ბათუმია.

გია გეგუჩაძის გუნდი გადამწყვეტი მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. დინამო ბათუმმა ამხანაგური მატჩი გამართა და ანგისას ბაზაზე სამტრედიას დაუპირისპირდა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა.

თამაში 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გაბრიელ რამოსმა გახსნა ანგარიში. ბათუმელებს შესვენებამდე კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა მეორე გოლი სტუმართა კარში უკვე მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა: ამჯერად, თავი ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა. ორივე გოლი ფლანგურ გარღვევას მოჰყვა, გაბრიელმა და ჯოვინომ კი ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღეს ბურთი და ზუსტად დაარტყეს.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას ბათუმის “დინამო” 18 ნოემბერს ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ,  ანგისას ბაზაზე გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.