შერმადინმა ხუვენტუდს 20 ქულა ჩაუგდო
ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე ბადალონაში ხუვენტუდს შეხვდა და 73:77 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო შედეგები მასპინძელმა კლემენ პრეპელიჩმა და ქართველმა გიორგი შერმადინმა დააფიქსირეს – ორივეს სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა.
შერმადინი მატჩის ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა, რასაც ქართველმა ცენტრმა 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:08 წუთი გაატარა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8-ვე საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი, თორემ მატჩის ბოლო პერიოდში წამოწყებულ შტურმს ტენერიფელები წარმატებით დააგვირგვინებდნენ. სტუმრებმა დასკვნითი მეოთხედი 27:14 მოიგეს, მაგრამ ეს გამარჯვებას არ ეყო.
5 მოგებითა და 3 წაგებით იბეროსტარი მე-4 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ რეალ ბეტისთან გამართავს.
gbf.ge