შერმადინის 22 ქულა 18 წუთში და დამსახურებული MVP-ის ტიტული “მორნართან” მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის მორიგი ზეშედეგიანი თამაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში. ესპანური “იბეროსტარ ტენერიფეს” ქართველ ცენტრს ვერ აჩერებენ. შერმადინს მონტენეგრულ “მორნართან” მატჩში სულ რაღაც 18:20 წუთი დასჭირდა, 22 ქულა მოეგროვებინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო.

მხოლოდ ქულები არაა ის, რაც გიორგიმ უხვად აგროვა. ტენერიფელთა ქართველმა ცენტრმა 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი, 1 დაფარება მიითვალა და რაც მთავარია, მაღალი პროცენტულობით ესროლა. შერმადინმა 12-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ამდე აიყვანა. ამ მაჩვენებელში ყველაზე ახლოს ქართველთან მისი თანაგუნდელი მარცელინიო უერტასი მივიდა, რომელმაც 12 ქულა, 9 პასი და სარგებლიანობის ინდექსის 20 ერთეული დააგროვა.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, შერმადინის გუნდმა “მორნარი” 91:61 დაჩაგრა. იბეროსტარს 8 მოგების წილ 1 მარცხი გააჩნია და თავის ჯგუფს ხომ ლიდერობს, მთელს ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი აქვს. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 2020 წლის 8 იანვარს, ილიას ზუროსის ყოფილ გუნდ “პერისტერისთან”, ათენში გამართავს.

 

gbf.ge