დღეიდან სტადიონებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება
დღეიდან, პირველი იანვრიდან სტადიონებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1 000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2 000 ლარს მიაღწევს.
„თუკი ადმინისტრაციამ ყველა ზომას მიმართა და ვერ მოახერხა მოწევის ფაქტის აღკვეთა, ამ შემთხვევაში, მან უნდა გამოუძახოს საპოლიციო ძალას და დაჯარიმდება მხოლოდ ფიზიკური პირი. ადმინისტრაციის შემთხვევაშიც პატრული მოდის და ის ახდენს რეაგირებას. ღია მოედანი იქნება თუ სტადიონი, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ამ პირობების დაცვა. თამაშების დროს მობილიზებულია სხვადასხვა კერძო დაცვის სამსახური ან პატრული და შემდგომ საპოლიციო ძალები ახდენენ ხოლმე მობილიზებას. შესაბამისად, ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ ამის გაკონტროლება ვერ მოხდება. ასევე, ტრანსლაციების ან პირდაპირი ჩანაწერის დროს თუ დაფიქსირდება, რომ სტადიონის ტრიბუნაზე ვინმე ეწევა, ამ შემთხვევაშიც მოხდება რეაგირება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ.
საქართველოში კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წლის მაისიდან ამოქმედდა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს, როდესაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში. 2023 წლიდან კი, ნებისმიერი ბრენდის თამბაქო სადა შეფუთვით გაიყიდება, რომელზეც მწარმოებლის კორპორატიული ფერები დატანებული არ იქნება.
1tv.ge