საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა. მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი ქვეყანა, ფეარ პლეის თვალსაზრისით ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.
2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესით პირველ ადგილს იკავებს. საქართველომ აღნიშნული პრიზი უკვე მეორედ მიიღო და პირველად 2016/17 წლებში დაჯილდოვდა.
წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, ფეარ პლეის შეფასება, რომელიც საქართველომ უეფას ეგიდით გამართულ როგორც საკლუბო, ისე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებზე მიიღო 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისამდე.
შეფასება დამოკიდებულია უეფა-ს ფეარ პლეის ანგარიშზე, რომელსაც თითოეული მატჩის შემდეგ უეფა-ს მატჩის დელეგატი ადგენს მსაჯებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შედეგად.
ფეარ პლეის მთავარი ჯილდო მიმდინარე სეზონში ფინეთს გადაეცა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდოს მფლობელი კი ფარერის კუნძულები გახდა. სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.
Gff.ge