შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

მეოთხედ, ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ევროპის ყველაზე მძლავრ და წარმომადგენლობით ეროვნულ ჩემპიონატში ქართველი ცენტრი შეუჩერებელია. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურიდან 5-ში საუკეთესოდ ქართველი დასახელდა. შერმადინის ტურის MVP-ის ტიტული მეოთხე გახლდათ, ერთხელაც ეს ჯილდო თორნიკე შენგელიამ დაიმსახურა.

ამჯერად შერმადინმა საპატიო ტიტული “ესტუდიანტესთან” ნაჩვენები სარგებლიანობის გამო დაიმსახურა. მე-18 ტურში ქართველი ცენტრის “ტენერიფე იბეროსტარმა” მადრიდულ გუნდს უმასპინძლა და 76:59 რომ დაამარცხა, ყველაზე მეტად შერმადინის დამსახურებაა. გიორგიმ მოედანზე 25:24 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 14 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. პასივში მას 5 დაკარგვა ჰქონდა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 31 ერთეული შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით მთელი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შერმადინი ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეორეა სარგებლიანობის ინდექსით. გიორგი მატჩში საშუალოდ 24,5 ერთეულს აგროვებს და მის წინ მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩია (25,3). ქართველი ცენტრი საშუალოდ 27 წუთს თამაშობს, რა დროშიც 18,3 ქულას, 7,2 მოხსნას და 1,6 პასს ითვლის.

შერმადინი გასულ კვირას საქართველოს საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. ეს ჯილდო მან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაიმსახურა.

 

gbf.ge