საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე იმუშავებს

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს. 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.

💬 ალექსანდრე იაშვილი – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდე გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს, ჩვენ გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე.“

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

სამწვრთნელო კარიერა

2018-2020 საქართველოს 20 წლამდე ნაკრები

2017 საქართველოს 18-წლამდე ნაკრები
2015-2016 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები
2014-2015 თბილისის ლოკომოტივი
2013-2014 საქართველოს 19-წლამდე ნაკრები
2012-2013 დინამო თბილისი ll
2011-2012 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები.
2010 საქართველოს 16-წლამდე ნაკრები

 

gff.ge