რუსთავი განახლებული შემდაგენლობით შეიკრიბა და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა

სხვა გუნდების მსგავსად, ახალი სეზონისთვის ემზადება ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული “რუსთავიც”. სიახლეა ის, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ “რუსთავი” მშობლიურ ქალაქსა და მშობლიურ “ფოლადის” სტადიონზე ემზადება. ოღონდ, არა მთავარ არენაზე, არამედ, მის ტერიატორიაზე ახლად დაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

ახალი სეზონისთვის “რუსთავი”, ფაქტობრივად, განახლებული შემადგენლობით ემზადება: შარშანდელი გუნდიდან მხოლოდ ავთანდილ გუჯაბიძე, გიორგი ლაცაბიძე და ვადიმ პროკოპენკო დარჩნენ, პლუს “ზუგდიდიდან” დაბრუნდა მეკარე სოსო ქარდავა, რომელიც იჯარით იყო გაშვებული.

უკვე გადაწყვეტილია, რომ “რუსთავი” თებერვლის მეორე ნახევრიდან საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება, მანამდე კი ვარლამ კილასონიას ხელძღვანელობით მოასპარეზე გუნდი საკონტროლო მატჩებს გამართავს. რუსთავი 1 თებერვალს ზუგდიდს დაუპირისპირდება, 3 თებერვალს რუსთაველები კი სამტრედიასთან  მოსინჯავენ ძალებს. ორივე შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.