საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გამართა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. პირველი სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული გუნდი 2 მატჩს გამართავს: 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 23-ში ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ჯგუფის მეოთხე წევრია ფინეთი, რომელიც პირველ ფანჯარაში საქართველოს მსგავსად სერბეთს და შვეიცარიას დაუპირისპირდება.
ილიას ზუროსმა შეკრებაზე 16 კალათბურთელი გამოიძახა, ხოლო ნაკრების კიდევ 8 კანდიდატი სარეზერვო შემადგენლობაში შეიყვანა. პირველი ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში 16 თებერვლს, 19:00 საათზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 14-მა კალათბურთელმა მიიღო. დუდა სანაძე და თად მაკფადენი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ და ნაკრებს 17 თებერვალს შეუერთდებიან.
პირველ ვარჯიშზე ილიას ზუროსის განკარგულებაში შემდეგი კალათბურთელები იყვნენ: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.
ილიას ზუროსს ასისტენტობას უწევენ მილოშ გლიგორიევიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. პირველი ვარჯიში მოთელვითი ხასიათის იყო და მწვრთნელთა შტაბს მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. იყო ნაკლები ტაქტიკა და მეტი სროლა. ფარქვეშ შესვლები და პერიმეტრზე სწორ გადაადგილებაში ვარჯიში. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა მხოლოდ გიორგი ცინცაძეს აქვს, რომელმაც სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა ექიმები და მათთან ერთად მწვრთნელებიც იმედიანად არიან, რომ ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი მომავალი მატჩებისთვის მოასწრებს ფორმის აღდგენას.
ილიას ზუროსი ნაკრებს 17, 18 და 19 თებერვალს ავარჯიშებს, რის შემდეგაც შვეიცარიასთან მატჩისთვის 12-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.
Gbf.ge