რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთაში დააკავეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 1969 წელს დაბადებულ ბესელიას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
რამაზ ხარაზიშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებისა და კლუბ „იუნკრების“ კაპიტანია. ამავდროულად, ის ახლახან შექმნილი რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრიცაა. ჯგუფი დღეს „მზიურის“ ტერიტორიაზე შეიკრიბა საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დეტალებზე სასაუბროდ. ყველასთვის ცნობილია, რომ საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ბოლო დროს არაერთგზის დაუპირისპირდა და მთელი რიგი პრეტენზიებიც წაუყენა. მათ შორის, კავშირში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დღეს მომხდარი ინციდენტი ამ დაპირისპირების გაგრძელება.
რადიო თავისუფლება