ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჩინებულად ითამაშა, თუმცა მისი “გრან კანარია” წაგებას ვერ გადაურჩა. კუნძულელები სტუმრად “სარაგოსას” შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი 9 ქულით მოიგეს, საბოლოოდ 17 ქულით – 71:88 დამარცხდნენ.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:38 წუთში 11 ქულა და 11 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
გრან კანარიას სამ ტურში ერთადერთი მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 4 ოქტომბერს მადრიდის რეალთან ჩაატარებს.
ესპანეთის ჩემპიონატშ მე-2 გამარჯვება იზეიმა სან პაბლო ბურგოსმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს. ბურგოსელებმა სტუმრად “გიპუზკოა ბასკეტს” 90:77 სძლიეს, მატჩის გმირი კი სწორედ მაკფადენი გახდა, რომელმაც 29:55 წუთში 22 ქულა (მათ შორის 6 სამქულიანი) ჩააგდო. “სან პაბლო ბურგოსი” მე-6 პოზიციაზეა, 8 ოქტომბერს კი “სარაგოსას” გაეჯიბრება.
Gbf.ge