კალათბურთის ფედერციამ აჭარაბეთთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოში საკალათბურთო სეზონი დღეს,  7 ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა. კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და მასში წელს სუპერლიგის 9 გუნდი იღებს მონაწილეობას.

დუდუ დადიანის მემორიალის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოველწლიური ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნულ გამოცემაში ის ღონისძიებებია თავმოყრილი, რომლებიც ფედერაციის ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა. 2019-2020 წლების სეზონის ჟურნალის გამოცემა გასულ გაზაფხულს იყო დაგეგმილი, თუმცა მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

ოლიმპიურ სასახლეში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ სპონსორთან, კომპანია “აჭარაბეთთან“.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი გუჯაბიძემ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით,  2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობას გაუწევს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, სუპერლიგის კლუბების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

GBF.GE