ეროვნული ჩემპიონატების მსაჯებმა, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს

11 თებერვალს, დავით პეტრიაშვილი არენაზე ეროვნული ჩემპიონატების მომსახურე მსაჯების შეკრება დაიწყო. ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში 30-მდე მსაჯი ახალი სეზონის დაწყებადე ეტაპობრივად გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, თეორიულ-ფიზიკურ მომზადებას და სავალდებულო ნორმატივებს ჩააბარებენ.

შეკრების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო მოხალისეში სფფ-ის გენერალური მდივნისა და სამსაჯო დეპარტამენტის მსაჯებთან შეხვედრა გაიმართა.

ცვლილებებია სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტში და აღნიშნულ დეპარტამენტს მიხეილ მაზიაშვილი უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეხვედრისას გაჟღერდა უკავშირდება ვიდეო რეფერის სისტემის საქმიანობის დანერგვას. აღნიშნულ მიმართულებას მსაჯთა დეპარტამენტში  გიორგი ვადაჭკორია უხელმძღვანელებს, რომელიც 2007 – 2020 წლებში ფიფას არბიტრი იყო და კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

გამოცდილი სპეციალისტი სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტს შეუერთდება და ფიფასთან კომუნიკაციაში ვიდეო რეფერის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. ფიფა-სთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა და სფფ-მ ვალდებულებების შესრულების მზაობა გამოთქვა, მათ შორის, ტექნიკური მოთხოვნების, გაშუქებისა და მსაჯების გადამზადების კუთხით.

მნიშვნელოვანი სიახლეა მიმდინარე წელს დაგეგმილ 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატთან მიმართებაში. ისტორიაში პირველად ქართველ მსაჯთა ბრიგადა სლოვენიასა და უნგრეთში დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმუშავებს. გიორგი ყრუაშვილი მარტში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს  მოემსახურება. გიორგი ყრუაშვილთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის სამსაჯო ჯგუფში იქნებიან ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია.